ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო უნდა გადადგეს, თუ გამოძიება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტებს დაადასტურებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო უნდა გადადგეს, თუ მის წინააღმდეგ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები გამოძიებით დადასტურდება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა ვივარაუდოთ, რომ ქალი სიმართლეს ამბობს და ის არ უნდა გახდეს მსხვერპლი იმის გამო, რომ გამოვიდა და ხმა ამოიღო. უნდა ჩატარდეს გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა მისი ნათქვამი სიმართლე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სექსუალური ხასიათის გადაცდომებში ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს რამდენიმე ქალი ადანაშაულებს, მათ შორის არიან მისი ყოფილი თანაშემწეები. აღნიშნულის გამო კუომოს გადადგომისკენ სენატორებმა, ჩაკ შუმერმა და კირსტენ ჯილიბრენდმა მოუწოდეს.
გასულ კვირას ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა დაასახელა გუნდი, რომელიც კუომოს წინააღმდეგ ბრალდებებს გამოიძიებს. 63 წლის ენდრიუ კუომო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.