სენატორები ჩაკ შუმერი და კირსტენ ჯილიბრენდი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდებენ
სენატორები ჩაკ შუმერი და კირსტენ ჯილიბრენდი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი დემოკრატი სენატორები ჩაკ შუმერი და კირსტენ ჯილიბრენდი ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ მოუწოდებენ. სენატორები აცხადებენ, რომ ენდრიუ კუომომ ნდობა დაკარგა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ენდრიუ კუომოს გადადგომისკენ სექსუალური ხასიათის გადაცდომებში ბრალდებების გამო მოუწოდებენ.

„სექსუალურ შვიწროებასა და გადაცდომებში მრავალი ბრალდების გათვალისწინებით, რომლებიც ნდობას იმსახურებს, ნათელია, რომ გუბერნატორმა კუომომ დაკარგა პარტნიორებისა და ნიუ-იორკის მოსახლეობის ნდობა“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

თავად 63 წლის კუომო ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ფაქტების დადგენამდე მისი გადადგომის მოთხოვნა „უგუნური და საშიშია“.

„ქალებს აქვთ უფლება, გამოვიდნენ, ხმა აიმაღლონ და მე ამას სრულად ვუჭერ მხარს, თუმცა ასევე მსურს მკაფიო ვიყო, ჭეშმარიტება ჯერ კიდევ დასადგენია. მე არ გამიკეთებია ის, რის შესახებაც აცხადებენ, წერტილი. დაელოდეთ ფაქტებს. მოსაზრება ფაქტების გარეშე უპასუხისმგებლობაა“, – განუცხადა კუომომ მედიას.

სექსუალური ხასიათის გადაცდომებში ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორს რამდენიმე ქალი ადანაშაულებს, მათ შორის არიან მისი ყოფილი თანაშემწეები.

აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატის ასამბლეის იურიდიულმა კომიტეტმა საიმპიჩმენტო გამოძიების ჩატარების ნებართვა მიიღო.