ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რეალური რიცხვის დამალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო
ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რეალური რიცხვის დამალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რეალური რიცხვის დამალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც ტელეკომპანია „ეი-ბი-სი“ იუწყება, საქმე ეხება შარშან გაზაფხულსა და ზაფხულში ნიუ იორკის შტატში მდებარე ხანდაზმულთა სახლებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას. გამოძიება ეჭვობს, რომ ეს მონაცემები შტატის გუბერნატორის ოფისმა განზრახ დამალა.

როგორც ირკვევა, გუბერნატორის ოფისმა დროის ზემოაღნიშნულ მონაკვეთში ხანდაზმულთა სახლებში 8 700 ადამიანის გარდაცვალების შესახებ განაცხადა, სინამდვილეში კი „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 50 პროცენტით მეტი იყოს.

ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში გამოცხადება უკვე მოსთხოვეს ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ადმინისტრაციის რამდენიმე წევრს, მათ შორის არის კუომოს თანაშემწე მელისა დეროზა, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნიუ იორკის შტატის ადმინისტრაცია ხანდაზმულთა სახლებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ხელს უშლიდა. მისივე თქმით, ნიუ იორკის შტატის გუბერნატორის ოფისში თვლიდნენ, რომ ამ ცნობების გასაჯაროება შესაძლოა, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მათ წინააღმდეგ გამოეყენებინა.

მომხდარის გამო, ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შეცდომა აღიარა, თუმცა განაცხადა,რომ ეს განზრახ არ გაუკეთებიათ.