ჯიმი საქსი უერთდება კამპანიას „გაატარე ოთხი სეზონი საქართველოში“ [ვიდეო] 

გაატარეთ ოთხი სეზონი საქართველოში, – ცნობილი ფრანგი საქსოფონისტი ჯიმი საქსი გამომწერებს მიმართავს და მათ საქართველოში ჩასვლას ურჩევს.

ჯიმი საქსი თბილისში გასულ წელს იმყოფებოდა. მან ქართველი მსმენელისთვის საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ანშლაგით ჩატარებული კონცერტის შემდეგ, 2020 წლის 8 მარტს თბილისში, ჯიმი საქსის მეორე კონცერტი გაიმართება. გამომწერებს იგი სწორედ ამ კონცერტზე დასწრებას ურჩევს.

როგორც მიმართვაში საქსი აცხადებს, სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტით, ევროპულ ტურნეს დაიწყებს.

„მე ვარ ჯიმი საქსი. ჩამოვდივარ საქართველოში 8 მარტს. თბილისის სპორტის სასახლეში გპირდებით საოცარ შოუს, რომელიც დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება ბევრი ენერგიითა და საოცარი მუხტით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტურნეების სეზონს ვიწყებ საქართველოდან. ძალიან დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს დახმარებისთვის, რომელთან ერთადაც საოცარ შოუს გპირდებით. გაატარეთ ოთხი სეზონი საქართველოში“, – ჯიმი საქსი.

ჯიმი საქსი ცნობილი ფრანგი საქსოფონისტი და შოუმენია, რომელმაც სახელი გაითქვა „იუთუბის“ პირად არხზე გამოქვეყნებული ჩანაწერებით და მას შემდეგ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სასურველი სტუმარია. მის პირად არხს „იუთუბზე“ რამდენიმე მილიონი გამომწერი ჰყავს. მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 1000-ზე მეტი შოუ ჩაატარა.