ევროვიზია 2018-ზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო” ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას დღეს ჩაწერს.
სიმღერის ჩაწერაში ცოცხალი ორკესტრი მონაწილეობს, რომლის დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია. ჩაწერები კინოსტუდიის ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობს.
„შენი გულისთვის” – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კომპოზიტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიხეილ მდინარაძეს ეკუთვნის, ხოლო ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა.
ჯგუფ “ირიაოს” მუსიკალური ხელმძღვანელი კომპოზიტორი დავით მალაზონიაა, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა.
ჯგუფი ასრულებს უნიკალურ მუსიკას, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნომუსიკის ნაზავია. დავით მალაზონია მიიჩნევა ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად, რომელმაც ეს ორი ჟანრი გააერთიანა. ის 30 წლის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას გერმანიასა და საქართველოში, როგორც თეატრის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა თუ ჯგუფებისათვის. მისივე ინიციატივით, დაარსდა ანსამბლი „ირიაო“ და მათ დებიუტს 2013 წელს დამსახურებული აღიარება მოჰყვა.
ევროპული მუსიკის კონკურსი მაისში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ჩატარდება.