ჯეიმს ვებმა ვარსკვლავს პირველი მკვეთრი ფოტო გადაუღო — ტელესკოპის ინსტრუმენტები მოსალოდნელზე კარგად მუშაობს #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის სარკის გასწორების კრიტიკული ეტაპი დასრულდა; მოწინავე ობსერვატორია რამდენიმე თვეში სრულ სამეცნიერო დაკვირვებებს დაიწყებს.
11 მარტს, ტელესკოპმა სარკეების რეგულირებისას წარმოქმნილი ხარვეზების გასწორების ბოლო ეტაპი დაასრულა. არ გამოვლენილა რაიმე ხარვეზი და ვების ჯგუფი დარწმუნებულია, რომ ყველა ოპტიკური პარამეტრი სრულფასოვნად მუშაობს.
„ოცზე მეტი წლის წინ, ვების ჯგუფმა ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის შექმნა განიზრახა და შეიმუშავა თამამი ოპტიკური დიზაინი, რათა მას მეცნიერებაში არსებული მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დიზაინი მუშაობის დასაწყებად მზადაა“, — ამბობს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუხენი.
შესაძლებლობათა წარმოსაჩენად, ვები ერთ ვარსკვლავზე ფოკუსირდა, სახელად 2MASS J17554042+6551277, უფრო მეტად კი ცნობილი, როგორც TYC 4212-1079-1.
ეს კაშკაშა ობიექტი ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლით არის დაშორებული და ჩვენს მზეზე 16-ჯერ კაშკაშაა, ანუ კარგი სამიზნეა ვებისთვის. ვიზუალური კონტრასტის ოპტიმიზებისთვის წითელი ფილტრი გამოიყენეს; მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპი ვარსკვლავს უყურებდა, მისი ინსტრუმენტები იმდენად მგრძნობიარეა, რომ დააფიქსირა უკანა ფონზე არსებული ვარსკვლავები და გალაქტიკებიც.
„ტელესკოპი სრულად გავასწორეთ და დავაფოკუსირეთ ვარსკვლავზე; შესრულება სპეციფიკაციებს აღემატება. აღფრთოვანებული ვართ იმით, თუ რას ნიშნავს ეს მეცნიერებისთვის“, — ამბობს ვების ჯგუფის მეცნიერი რიტვა კესკი-კუჰა.
სეგმენტირებული ტელესკოპები დედამიწაზე არსებობს, მაგრამ ვები პირველი კოსმოსური ტელესკოპია სეგმენტირებული სარკეებით, მოიცავს 18 დისკრეტულ ექვსკუთხა სეგმენტს.
ამ სარკეების გასწორება გადამწყვეტია; იმისათვის, რათა ერთი სარკის ზედაპირი წარმოქმნას, საჭიროა, ისინი ნანომეტრების სიზუსტით გასწორდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ტელესკოპი ჩვენგან შორსაა და მის შესაკეთებლად მისიების გაგზავნა შეუძლებელია, გადამწყვეტია, რომ ყველა დეტალი გამართულად მუშაობდეს.
ვები განთავსებულია კოსმოსის გრავიტაციულად სტაბილურ რეგიონში, რომელსაც დედამიწასა და მზეს შორის ურთიერთქმედება წარმოქმნის და უწოდებენ ლაგრანჟის მეორე წერტილს, იგივე L2-ს. ეს სტაბილური რეგიონები იდეალურია კოსმოსურ ხომალდთა „დასაპარკინგებლად“, რადგან საწვავის მოხმარება იქ მინიმალურია.
2014 წელს ასევე L2 წერტილში გაჩერეს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „გაია“, რომელიც ირმის ნახტომის რუკის შექმნაზე მუშაობს. ახალი ტელესკოპის მისვლიდან მალევე, გაიამ თავის ინსტრუმენტით ვების გადაღება შეძლო.ფოტოზე მას მწვანე წრით შემოხაზულს ხედავთ. იმ დროს, 18 თებერვალს, ორი ტელესკოპი ერთმანეთისგან მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული.
მომდევნო ექვს კვირაში ვების გასწორება ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ კი ტელესკოპი სამეცნიერო ოპერაციებისთვის საბოლოო მზადებას დაიწყებს. პირველ შედეგებს ამ ზაფხულს უნდა ველოდოთ.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი კოსმოსს ინფრაწითელ დიაპაზონში აკვირდება. სამყაროს შესახებ ის იმაზე მეტ რამეს გვეტყვის, ვიდრე ამჟამად ვხედავთ. გვაჩვენებს სამყაროს შორეულ მისადგომებს, გაცილებით ბევრ ცნობას მოგვაწვდის ვარსკვლავებისა, პლანეტებისა და გალაქტიკების წარმოქმნის შესახებ, ჩაიხედავს შორეულ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში და იქ სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.
წინ წარმოუდგენლად ამაღელვებელი ამბები გველოდება.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.