ორიონის ნისლეულის შუაგულში, ვარსკვლავთწარმომქმნელ რეგიონზე დაკვირვების შემდეგ, ჯეიმს ვები გვთავაზობს რაღაც ისეთს, რაც ჯერ არასოდეს გვინახავს.
იქ, ტრაპეციის ვარსკვლავთგროვაში, მეცნიერებმა შენიშნეს დაახლოებით იუპიტერის მასის მქონე პლანეტის მსგავსი ათობით ობიექტი, რომლებიც არცერთ ვარსკვლავს არ უვლიან გარშემო და გალაქტიკაში გრავიტაციულად შეკრული წყვილების სახით მიქრიან, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყოს.
თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. არ არსებობს ფორმაციის ჩვენთვის ცნობილი მექანიზმი, რომელიც ასეთ ორმაგ მასებს წარმოქმნიდა, თანაც 42-ს.
რაც უფრო მეტ ეგზოპლანეტას ვპოულობთ ირმის ნახტომში, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენს წარმოდგენას პლანეტათა წარმოქმნის შესახებ, სერიოზული პრობლემები აქვს. ამიტომ, იმის დადგენა, თუ რას წარმოადგენს ეს ობიექტები და როგორ გაჩნდნენ, მეცნიერებს დიდად დაეხმარება ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოქმნის უკეთ შესწავლაში.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონომებმა, სამუელ პირსონმა და მარკ მაკკოგრინმა მა იუპიტერის მასის ბინარული ობიექტები, იგივე JuMBO უწოდეს.
მიჩნეულია, რომ ასეთი ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონები გადაჭედილი უნდა იყოს ე. წ. მოხეტიალე პლანეტებით — ანუ პლანეტებით, რომლებიც თავიანთ ვარსკვლავებს გაექცნენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ როდესაც ერთმანეთთან ახლოს ბევრი ვარსკვლავია, ისინი ერთმანეთის ახალგაზრდა პლანეტურ სისტემებს არღვევენ. სიმულაციების მიხედვით, მოხეტიალე ეგზოპლანეტები სამყაროში წარმოუდგენლად ბევრი უნდა იყოს.
ამას გარდა, ორიონში თავისუფლად მოფარფატე პლანეტის მასის ობიექტების არსებობა სულაც არაა გასაკვირი. ასტრონომებმა ისინი ათ წელიწადზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს და მათ დაახლოებით სამი იუპიტერის მასა აქვთ.
თუმცა, ორიონის ნისლეულში აღმოჩენილებზე უფრო პატარა ობიექტთა დაფიქსირება წარმოუდგენლად რთულია. ორიონის ფონი ძლიერ კაშკაშაა, პატარა, პლანეტის მასის ობიექტები კი შედარებით ცივი და სინათლის უმეტეს ნაწილს თერმულ ინფრაწითელ დიაპაზონში გამოყოფენ.
სწორედ ამ დიაპაზონშია ჯეიმს ვები ყველაზე ძლიერი. ეს კოსმოსური ტელესკოპი სწორედ ინფრაწითელი სინათლის დასაფიქსირებლად ააგეს და ორიონის ნისლეულს ის იმდენად დეტალურად დააკვირდა, როგორც ჯერ არ დაკვირვებია არცერთი სხვა ხელსაწყო.
ამიტომ, პირსონმა და მაკკოგრინმა ციცქნა ობიექტთა ძებნა გადაწყვიტეს. ის, რაც მათ აღმოაჩინეს, მოლოდინს აჭარბებდა.
„ჩვენ სწორედ ამ ძლიერ პატარა ობიექტებს ვეძებდით და ვიპოვეთ კიდეც. თანაც, ზოგს იუპიტერის მასა აქვს, ზოგსაც მისი ნახევარი და დაქრიან თავისუფლად, არ არიან რომელიმე ვარსკვლავთან მიბმული“, — ამბობს მაკკოგრინი.
JuMBO-ების ასაკი დაახლოებით მილიონი წელიწადია. მათი ტემპერატურა დაახლოებით 700 გრადუს ცელსიუსს აღწევს და ერთმანეთის გარშემო მოძრაობის მანძილებიც ძლიერ ცვალებადია, 25-390-ჯერ აღემატება დედამიწასა და მზეს შორის მანძილს. მათი მკრთალი სინათლის ანალიზი მიუთითებს წყლის ორთქლზე, ნახშირჟანგზე (CO) და მეთანზე. ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალურია ახალგაზრდა გაზის გიგანტისთვის.
პრობლემა ისაა, რომ ისინი წყვილებად არიან. ერთია, ეული მოხეტიალე პლანეტა, მაგრამ გრავიტაციულად ერთმანეთთან მიბმული პლანეტის მასის ობიექტების ახსნა საკმაოდ რთულია.
ვარსკვლავები წარმოიქმნება მოლეკულური ღრუბლის გროვების გრავიტაციით კოლაფსირების შედეგად. ბრუნვისას, ისინი ღრუბლიდან უფრო მეტ მატერიას ისრუტავენ, რაც მათ გარშემო მბრუნავ დისკოს წარმოქმნის, რომელიც თანდათან ვარსკვალავში ჩაედინება. ამ პროცესში, დისკო შეიძლება დაიშალოს და წარმოიქმნას მეორე ვარსკვლავი; ასე ჩნდება ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავი.
თუმცა, ასეთი ღრუბლის კოლაფსირების სცენარის შედეგად წარმოქმნილი ობიექტის მასის ქვედა ზღვარი დაახლოებით სამი იუპიტერის მასაა. პლანეტის მსგავსი პატარა ობიექტები ვარსკვლავის გარშემო მოძრავი მატერიის დისკოსგან წარმოიქმნება.
სიმულაციები მიუთითებს, რომ ეს „ჩვილი“ პლანეტები სისტემიდან შეიძლება ადვილად ამოვარდნენ, სხვა პლანეტის ან ვარსკვლავის გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად. თუმცა, ამ ამოგდების მექანიზმი არ ითვალისწინებს, რომ სისტემიდან გაგდებული პლანეტები წყვილებად დარჩნენ.
არ არის გამორიცხული, რომ ეულმა, ამოგდებულმა პლანეტებმა ერთმანეთი იპოვონ და გრავიტაციულად შეკრული გახდნენ, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევა უნდა იყოს. 42 ასეთი ობიექტის აღმოჩენა მიუთითებს, რომ არსებობს რაღაც ფუნდამენტური, რის შესახებაც ჯერ არ ვიცით.
„უცნობია, როგორ უნდა ამოვარდეს სისტემიდან ახალგაზრდა პლანეტები ერთდროულად და თანაც, გრავიტაციულად შეკრული დარჩნენ, თუნდაც სუსტად და ერთმანეთისგან დიდი დაშორებით.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.org.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.