ჯეიმს ვებმა აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენი უპრეცედენტო დეტალებში გადაიღო — #1TVმეცნიერება
ჯეიმს ვებმა აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენი უპრეცედენტო დეტალებში გადაიღო — #1TVმეცნიერება

კაცობრიობას უკვე აქვს ირმის ნახტომის ყველაზე ცნობილ აფეთქებულ ვარსკვლავთა ცქერის ახალი გზა.

ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა თავის მახვილი თვალი კასიოპეა A-სკენ მიმართა. ეს გახლავთ შთამბეჭდავი, კომპლექსური, გაფართოებადი ღრუბელი ცხელი გაზისა, რომელიც 1670-იან წლებში აფეთქებული ვარსკვლავის, ანუ სუპერნოვასგან გამოიტყორცნა. ეს სანახაობა იმ დროის ადამიანებმა ღამის ცაზე საკუთარი თვალით ნახეს. გარეთ მიმართული დარტყმების შედეგად გაცხელებული გაზის ფილამენტების ინფრაწითელ დიაპაზონში სკანირებამ საოცარი ახალი დეტალები გამოავლინა.

ამ ცნობილ სუპერნოვას ჯეიმს ვები უკვე მეორედ დააკვირდა. 2023 წლის აპრილში, ტელესკოპი მას შუა-ინფრაწითელ დიაპაზონში დააკვირდა თავის ინსტრუმენტ MIRI-თ.

ამჯერად, ტელესკოპმა თავის ინსტრუმენტი NIRCam-ი გამოიყენა, რათა ობიექტს ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში დაჰკვირვებოდა; ორ სურათს შორის სხვაობებმა მეცნიერები საგონებელში ჩააგდო.

კასიოპეა A მზის სისტემიდან დაახლოებით 11 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და წარმოადგენს ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და კარგად შესწავლილ ობიექტს. მე-17 საუკუნის ბოლო პერიოდის ჩანაწერები მიუთითებს, რომ ის რამდენიმე ასტრონომმა შენიშნა, მაგრამ თავად სუპერნოვას ნარჩენების ოფიციალურად ჩაწერა გაცილებით გვიან, 1948 წელს მოხდა.

ასტრონომებს ეს ობიექტი იმთავითვე აჯადოებდა, რადგან აფეთქებული ვარსკვლავის ევოლუციის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს — მისი ნარჩენები კოსმოსში ზებგერითი სიჩქარით ფართოვდება.

ვინაიდან ჯეიმს ვები კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპია, უცნაური იქნებოდა, ასტრონომებს ის რომ კასიოპეა A-ს შესასწავლად არ გამოეყენებინათ.

ახალი ახლო-ინფრაწითელი ფოტოები გაცილებით ეფემერულია, ვიდრე წინა, სხვა ტალღის სიგრძეებში დაკვირვებისას გადაღებული, მაგრამ სწორედ ამის წყალობით შეუძლიათ ასტრონომებს სუპერნოვას ნარჩენის დინამიკის შესწავლა. გამოიკვეთა ერთი განსაკუთრებით საოცარი ახალი მახასიათებელი. სურათის ქვედა მარჯვენა კუთხეში ზოლებიანი ლაქაა, რომელსაც მეცნიერები ჩვილ კასიოპეა A-ს უწოდებენ, რადგან ის სწორედ ახალშობილ კასიოპეა A-ს ჰგავს.

შეიძლება ის სუპერნოვას ნარჩენთან ახლოს ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში, მისგან დაახლოებით 170 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ეს წარმონაქმნი სუპერნოვა არ არის, სინამდვილეში, კასიოპეა A-სგან წასული სინათლეა, რომელიც კოსმოსში მიდის და მტვრის შორეულ გროვას ურტყამს, რაც მას ანათებს.

ამ ფენომენს სინათლის ექოს უწოდებენ და ახალ ფოტოზე რამდენიმე მათგანი დაფიქსირდა.

ფოტოზე ხედავთ კაშკაშა ვარდისფერ-ნარინჯისფერ გრეხილებს, რაც აფეთქების შიდა გარსს წარმოადგენს — გაზისა და მტვრის გროვებს, რომლებიც სხვადასხვა ელემენტს შეიცავს, მათ შორის, გოგირდს, ჟანგბადს, არგონს და ნეონს, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს ახლად დაბადებულ ვარსკვლავებში მოხვდებიან.

„NIRCam-ის რეზოლუციით, ახლა უკვე ვხედავთ, როგორ სასტიკად ნადგურდება აფეთქებისას ვარსკვლავი. ნამდვილად დაუჯერებელია, რომ კასიოპეა A-ს ამდენწლიანი კვლევის შემდეგ, ამ დეტალებს ახლა ვხედავთ, რაც უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის ვარსკვლავთა აფეთქების შესახებ“, — ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის ასტრონომი დანი მილისავლევიჩი.

ნარჩენის გარეთა, კვამლიანი გარსი ვარსკვლავთშორის სივრცეში ფართოვდება. ის შუა-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეში კაშკაშებს, მაგრამ ზედმეტად ცივია, რათა ახლო-ინფრაწითელში ანათოს. სურათზე ასახული თეთრი ფერი სინქროტრონული რადიაციის მიერ არის წარმოქმნილი, რომელიც თავის მხრივ მაშინ ჩნდება, როცა ელექტრონები სპირალურად ჩქარდება მაგნიტური ველის ხაზების გარშემო.

შუა-ინფრაწითელში ასევე ჩანდა ბუშტის ცენტრში, მარჯვენა მხარეს კაშკაშა, ღია მწვანე ნათება, რაც მეცნიერებს საგონებელში აგდებდა. NIRCam-ის ახალ ფოტოზე ამ რეგიონში ხვრელები მოჩანს, რომლებსაც გარშემო თეთრი და მეწამული ფერები არტყია, რაც იონიზებულ გაზზე მიუთითებს.

ასტრონომები ახლა ფიქრობენ, რომ სინათლის ასეთი კომბინაციის მიზეზი სუპერნოვადან გატყორცნილი გაფართოებადი მატერიაა, რომელიც ვარსკვლავის მიერ აფეთქებამდე გატყორცნილ სხვა მატერიას ეწევა და ეჯახება.

კასიოპეა A-ს სახელს მომავალში კიდევ მრავალჯერ გაიგონებთ. ჯეიმს ვები სუპერნოვას ამ ნარჩენს კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება.

სრული რეზოლუციის ფოტოების გადმოწერა ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

მომზადებულია esawebb.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.