ჯეიმს ვების ტელესკოპმა ძირითადი სარკეები წარმატებით გაშალა — კიდევ რა პროცედურები დარჩა #1tvმეცნიერება
16:17, 10.01.2022
ყველას შეგვიძლია, უკვე ამოვისუნთქოთ. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ძირითადი სარკე და ყველა მთავარი კომპონენტი სრულად გაშლილია და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი დანიშნულების ადგილისკენ სვლას აგრძელებს.
სარკის გაშლა 2022 წლის 8 იანვარს მოხდა და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენას წარმოადგენს მთლიანად კოსმოსურ მეცნიერებაში. 18-სეგმენტიანი სარკე უდიდესი სარკეა, რომელიც კი ოდესმე გაგზავნილა კოსმოსში; მან კოსმოსის უპრეცედენტო ხედები უნდა შემოგვთავაზოს და სრული რევოლუცია მოახდინოს კოსმოსის კვლევაში.
„ათწლეულობით მუშაობის შემდეგ, NASA-მ კიდევ ერთი საკვანძო მოვლენა გადალახა. მართალია, მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ვების ჯგუფმა დიდად ამოისუნთქა და უკვე წარმოიდგენს, რამხელა გარღვევები გველოდება მომავალში ამ ტელესკოპის მხრიდან“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.
მისი განცხადებით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უპრეცედენტო მისიაა, რომელიც პირველი გალაქტიკების სინათლეს დაინახავს და სამყაროს მრავალ საიდუმლოს გამოააშკარავებს.
ამჟამად, ვები თავისი ახალი სახლისკენ მიემართება, დედამიწიდან დაახლოებით 1,5 მილიონი კილომეტრის მოშორებით, რეგიონში, რომელსაც ლაგრანჟის წერტილს უწოდებენ.
იქ, ორი დიდი სხეულის (ამ შემთხვევაში დედამიწა და მზე) გრავიტაციული ძალების კომბინაცია გრავიტაციული სტაბილურობის მცირე ზონას ქმნის.
ვები ლაგრანჟის მეორე წერტილში (L2) განთავსდება — მზის გადმოსახედიდან დედამიწის ბნელ მხარეს ორსხეულიანი სისტემისთვის სულ ხუთი ასეთი წერტილი არსებობს. ამ წერტილში ვები იანვრის ბოლოს უნდა მივიდეს.
ამასობაში, მეცნიერები დედამიწიდან მისცემენ ბრძანებებს, რათა ვები სამეცნიერო სამსახურისთვის მოამზადონ. გაშვებიდან ერთი თვის თავზე, ინჟინრები შეამოწმებენ, მიაღწია თუ არა ვებმა ლაგრანჟის მეორე წერტილს.
მას შემდეგ, რაც ვები ამ წერტილში განთავსდება, ჩაირთვება Fine Guidance Sensor-ი, ახლო ინფრაწითელი კამერა და ახლო ინფრაწითელი სპექტროგრაფი, რომლებიც სატესტო, ბუნდოვან ფოტოებს გადაიღებენ. ბუნდოვანს იმიტომ, რომ სარკეები ჯერ ფოკუსირებული არ იქნება.
ამის შემდეგ სარკის ზუსტად დარეგულირების დრო დადგება. ამ პროცესში ჩაერთვება ოქროთი დაფარული სარკეების უკან მოთავსებული 126 უზუსტესი ამძრავი (მარეგულირებელი მექანიზმი), რომლებმაც სარკის თითოეული სეგმენტი უფრთხილესად უნდა დაარეგულირონ; ეს პროცესი რამდენიმე თვეს წაიღებს.
უკვე ამის შემდეგ დაიწყება დაკალიბრება, რასაც ასევე რამდენიმე თვე დასჭირდება და ვები სამეცნიერო ოპერაციებს 2022 წლის ივნისში დაიწყებს.
ამ ეტაპზე, გამომდინარე იმ მრავალი სირთულიდან, რაც ამ პროექტის 1996 წლიდან დღემდე შეექმნა, ობსერვატორიის კოსმოსში გაშვება და სრულად გაშლა უკვე დიდი წარმატებაა.
„ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის წარმატებულად გაშლა ისტორიული მოვლენაა. პირველი შემთხვევაა, როდესაც NASA-ს მისიამ კომპლექსური გაშლის პროცედურა კოსმოსში შეასრულა“, — ამბობს ვების პროგრამის დირექტორი გრეგორი რობინსონი.