ჯეიმს ვების პირველი ფოტოს გამოქვეყნებამდე დღეზე ნაკლები რჩება — რა შეიძლება ვიხილოთ #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების პირველი ფოტოს გამოქვეყნებამდე დღეზე ნაკლები რჩება — რა შეიძლება ვიხილოთ #1tvმეცნიერება

გასულ კვირაში, NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა საზოგადოებას უთხრა, რომ 12 ივლისს ვიხილავთ „სამყაროს ყველაზე ღრმა სურათს, რაც კი ოდესმე გადაღებულა“. ფოტოს ავტორი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი იქნება. მას შემდეგ, ეს თარიღი მრავალმა ჩვენგანმა მონიშნა კალენდარზე და მოუთმენლად ველოდებით.

რამდენიმე დღის წინ, კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ვების ერთ-ერთ პირველ სამეცნიერო სურათს დაპირებულ დროზე რამდენიმე საათით უფრი ადრე, თბილისის დროით 12 ივლისის 01:00 საათზე (ღამით) თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი წარმოგვიდგენს. ღონისძიებას დაესწრება NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონიც, რომელიც შენიშვნებს გააკეთებს. ფოტოს წარდგენას შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში უყუროთ NASA TV-ზე, ამ ბმულზე.

დანარჩენ ფოტოებს სააგენტო 12 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე წარმოგვიდგენს. ღონისძიება ასევე პირდაპირ ეთერში გადაიცემა NASA TV-ზე და სააგენტოს სოციალური მედიის არხებზე Facebook-ზე, Twitter-ზე და YouTube-ზე.

რის ნახვას უნდა ველოდოთ?

ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს დროში ძალიან უკან, 13,8 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქებიდან 100 მილიონი წლის შემდეგ პერიოდში შეხედვა შეუძლია. ამას ის თავის უზარმაზარი ძირითადი სარკეებისა და შორეული კოსმოსის უძველესი, გაწელილი ინფრაწითელი სინათლის დაფიქსირების უნარით შეძლებს.

ვინაიდან სამყარო ფართოვდება, სამყაროს პირველი ვარსკვლავებისგან წამოსული სინათლე ულტრაიისფერი და ხილული სინათლის ტალღის სიგრძეებიდან უფრო გრძელ ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში წანაცვლდება, რასაც ჯეიმს ვები ჯერ არნახული დეტალებით დააფიქსირებს.

„თუ დაფიქრდებით, ეს იქნება ყველაზე შორს, სადაც კი ოდესმე გაუხედავს კაცობრიობას“, — აღნიშნა გასულ კვირაში NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა.

10 მილიარდ დოლარად შეფასებულ ტელესკოპზე მუშაობა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა და მრავალი გადადების შემდეგ, NASA-მ ის 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვა. ამჟამად ის მზის გარშემო, დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოძრაობს.

NASA-ს ადმინისტრატორის, ბილ ნელსონის განცხადებით, ტელესკოპი შეისწავლის მზის სისტემის ობიექტებს და სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროებს, მოგვცემს მინიშნებებს იმის შესახებ, ჰგავს თუ არა მათი ატმოსფეროები დედამიწისას.

„ტელესკოპმა შეიძლება პასუხი გასცეს უმნიშვნელოვანეს კითხვებს: საიდან მოვდივართ? კიდევ რა არის ჩვენს იქით? ვინ ვართ? და რა თქმა უნდა, ზოგიერთ ისეთ კითხვასაც, რომლებიც შეიძლება ჯერ არც კი გაგვჩენია“, — ამბობს ნელსონი.

ვების პირველი სამიზნეები

NASA-მ გაგვიმხილა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პირველ სამიზნეთა სიაც.

გემის ხერხემლის ნისლეული

მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 7600 სინათლის წლის მანძილზე, სამხრეთის თანავარსკვლავედ გემის ხერხემლის მიმართულებით. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და კაშკაშა ნისლეულს დედამიწის ცაზე.

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა გემის ხერხემლის ნისლეული რამდენჯერმე გადაიღო, მათ შორის ინფრაწითელ დიაპაზონშიც. ვების ფოტოებმა ჰაბლის ინფრაწითელი სურათები საერთოდ უნდა დაგვავიწყოს, რადგან ჰაბლი ძირითადად ოპტიკური და ულტრაიისფერი ინსტრუმენტია და არა ინფრაწითელი.

WASP-96b

ვების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების ატმოსფეროში ჩახედვაა. WASP-96b ერთ-ერთი მათგანია და აბსოლუტურად მომაჯადოებელი ობიექტი პირველი ასეთი დაკვირვებებისთვის.

სამხრეთის ბეჭდის ნისლეული (NGC 3132)

სამხრეთის ბეჭდის ნისლეული , იგივე NGC 3132, მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 2000 სინათლის წლის მანძილზე და წარმოადგენს დიდებულ, მანათობელ ბურთულას სამხრეთის ცაზე, იალქნების თანავარსკვლავედის მიმართულებით. სინამდვილეში, ეს ნისლეული წარმოადგენს სიკვდილის პროცესში მყოფი ორმაგი (ბინარული) ვარსკვლავის სუნთქვისშემკვრელ, ულამაზეს ნარჩენებს.

სტეფანის კვინტეტი

პირველი მცდელობებისას, ვებმა მშობლიური გალაქტიკის მიღმაც გაიხედა. სტეფანის კვინტეტი წარმოადგენს ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკათა ჯგუფს ისეთ მჭიდრო ფორმაციაში, რომ თითქოს არარეალურს ჰგავს. სინამდვილეში, ხუთი გალაქტიკიდან მხოლოდ ოთხი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, მეხუთე კი ჩვენთან გაცილებით ახლოს არის, 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე.

SMACS 0723

პირველი შორეული დაკვირვებებისთვის, ვებმა გაიხედა ცის მონაკვეთისკენ, რომელსაც SMACS 0723-ს უწოდებენ და მდებარეობს სამხრეთის ცაზე, მფრინავი თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

SMACS 0723 განსაკუთრებით კარგი სამიზნეა ამ სახის დაკვირვებებისთვის, რადგან იქ წინა ფონზე არის გალაქტიკების მასიური შეჯგუფება, რომელიც გიგანტური კოსმოსური გამადიდებელი შუშის როლს ასრულებს. უზარმაზარი მასის გამო, მათი გრავიტაცია გარშემო წარმოქმნის სივრცე-დროის გამოკვეთილ გამრუდებას და უფრო შორეულ ობიექტთა სინათლეზე აქვს გამადიდებლის ეფექტი.

დაზუსტებით უცნობია, ამ სამიზნეთაგან რომლის ფოტოს ვიხილავთ 12 ივლისს, მაგრამ იქამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, დაველოდოთ.