ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დანიშნულების ადგილს მიაღწია — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ძრავები დაწვა და დანიშნულების ადგილს მიაღწია, დედამიწიდან 1,5 მილიონ კილომეტრში მდებარე წერტილს; შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოსმოსის ისტორიის შემსწავლელი ამ მისიის საკვანძო ეტაპი წარმატებით გადაილახა.
კოსმოსურმა ტელესკოპმა ძრავები 5 წუთში დაწვა, რათა ე. ე. ლაგრანჟის მეორე წერტილამდე (L2) მისულიყო, საიდანაც მას ნებისმიერ მოცემულ მომენტში ექნება წვდომა ცის თითქმის ნახევარზე.
„ვებ, კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში! სამყაროს საიდუმლოთა გამოაშკარავებასთან ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს მივედით. მოუთმენლად ველოდები ზაფხულს, როცა ვების მიერ გადაღებული სამყაროს პირველ ხედებს ვიხილავთ“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.
კოსმოსის ამ რეგიონში ის დედამიწის გასწვრივ იქნება და თან მზის გარშემო იმოძრავებს; მის მგრძნობიარე აღჭურვილობას სითბოსა და სინათლისგან სპეციალური ფარი დაიცავს.
იმისათვის, რათა გიგანტურმა ფარმა ეფექტიანად დაიცვას, საჭიროა, რომ მზე, დედამიწა და მთვარე ერთი და იგივე მიმართულებით იყოს განლაგებული. ფარის ცივ მხარეს ტემპერატურა -225 გრადუსი ცელსიუსი იქნება.
ძრავების დაწვა, რასაც ორბიტულ დაწვასაც ეძახიან, მესამე ასეთი მანევრი იყო ვების გაშვებიდან, 25 დეკემბრის შემდეგ.
გეგმა წინასწარ განზრახული იყო, რადგან ვებს რომ რაკეტისგან ზედმეტი ბიძგი მიეღო, ვერ შეძლებდა დედამიწის გარშემო შემოფრენას, მისი ოპტიკა მზისკენ მოექცეოდა და გადახურებისგან დაზიანდებოდა.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი NASA-ს დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაუჯდა და წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ სამეცნიერო პლატფორმას; შემდეგ მოდის დიდი ადრონული კოლაიდერი CERN-ში და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი.
ჰაბლი დედამიწას უვლის გარშემო, მაგრამ ვები იმოძრავებს ზონაში, რომელსაც ლაგრანჟის წერტილს უწოდებენ, სადაც მზისა და დედამიწის გრავიტაციულ მიზიდვას აბალანსებს მბრუნავი სისტემის ცენტრიდანული ძალა.
ასეთი წერტილის არსებობა პირველად ფრანგ-იტალიელმა მათემატიკოსმა ჟოზე-ლუი ლაგრანჟმა ივარაუდა; ხუთი ასეთი წერტილიდან ერთ-ერთში მოთავსებული ობიექტი სტაბილური რჩება და არ გახდება მზის და დედამიწის გრავიტაციის მსხვერპლი. ადგილმდებარეობის დასაზუსტებლად ესაჭიროება მხოლოდ მცირე საწვავი.
ვები ზუსტად L2-ში კი არ განთავსდა, არამედ იმოძრავებს მისი „ჰალოს“ გარშემო, დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე; ყოველ ერთ შემოვლას დაახლოებით ექვს თვეს მოანდომებს.
შედეგად, ტელესკოპი თერმულ სტაბილურობას შეინარჩუნებს და ენერგიას მზის პანელებით გამოიმუშავებს.
ლაგრანჟის მეორე წერტილში იყო განთავსებული ისეთი მისიები, როგორებიც არის ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი „ჰერშელი“ და NASA-ს Wilkinson Microwave Anisotropy Probe.
ვების პოზიცია უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციას დედამიწასთან, რაც Deep Space Network-ის საშუალებით განხორციელდება. ეს ქსელი მოიცავს სამ დიდ ანტენას ავსტრალიაში, ესპანეთსა და კალიფორნიაში.
იანვრის შუა რიცხვებში ვებმა წარმატებით გაშალა ოქროთი დაფარული ძირითადი სარკეები, რომლებიც 13,5 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი, სამყაროს ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების ინფრაწითელ სიგნალებს შეაგროვებს.
ვების მისია ასევე მოიცავს შორეული ეგზოპლანეტების შესწავლას, რათა დადგინდეს მათი წარმოშობა, ევოლუცია და სიცოცხლისათვის ხელსაყრელობა.
შემდეგი ნაბიჯი იქნება ტელესკოპის ოპტიკური ხელსაწყოების გასწორება და სამეცნიერო ინსტრუმენტების კალიბრაცია. პირველ ფოტოებს ტელესკოპი დედამიწაზე ივნისში ან ივლისში გამოგზავნის.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.