ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ფოკუსირება დასრულებულია და ინსტრუმენტთა მოქმედებაში გასაშვებად მზად არის — #1tvმეცნიერება
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გასწორება დასრულებულია. სრული მიმოხილვის შემდეგ დასტურდება, რომ ობსერვატორიას შეუძლია თავის ოთხი უმძლავრესი სამეცნიერო ინსტრუმენტით გადაიღოს მკაფიო, კარგად ფოკუსირებული სურათები. ტელესკოპის გასწორების მეშვიდე და ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ, ჯგუფმა ძირითად გადაწყვეტილებათა მისაღებად შეხვედრები გამართა და ერთხმად შეთანხმდა, რომ ვები მზადაა მომზადების შემდეგი და საბოლოო სერიებისათვის, რასაც სამეცნიერო ინსტრუმენტთა მოქმედებაში გაშვებას უწოდებენ. ეს პროცესი დაახლოებით ორ თვეს წაიღებს და ამის შემდეგ, ამ ზაფხულს, სამეცნიერო ოპერაციებიც დაიწყება.
ჯეიმს ვების ყველა ინსტრუმენტის გასწორებაზე მეტყველებს სურათების სერია, რომელიც ტელესკოპმა თავის ხედვის სრული ველით გადაიღო.
ტესტირების მიზნით, ჯეიმს ვები ირმის ნახტომის ერთ-ერთი ჯუჯა თანამგზავრი გალაქტიკის, მაგელანის დიდი ღრუბლის ერთი ნაწილისკენ მიმართეს, რათა დაკვირვების სენსორებს ასობით ათასი ვარსკვლავისგან შემდგარი მჭიდრო ველი აღექვა.
„წარმატებით გასწორებული ტელესკოპის ეს გამორჩეული სატესტო ფოტოები წარმოაჩენს, რომ სხვადასხვა კონტინენტებზე და ქვეყნებში გაფანტულ ადამიანებს ერთობლივად შეუძლიათ წარმატების მიღწევა, როცა არსებობს თამამი მეცნიერული ხედვა სამყაროს შესასწავლად“, — ამბობს ვების ოპტიკური ელემენტის მენეჯერი ლი ფაინბერგი.
ტელესკოპის ოპტიკური უნარები თანდათან იმაზე უკეთესი ხდება, ვიდრე ინჟინერთა ჯგუფს ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით წარმოედგინა. ვების სარკეები ახლა სრულად ფოკუსირებულად არის მიმართული ყოველი ინსტრუმენტის მიერ კოსმოსური განთიადიდან მომდინარე სინათლის შესაგროვებლად და ყოველი ინსტრუმენტი წარმატებით იღებს სურათებს იმ სინათლით, რომლებიც მათ მიეწოდება. ყველა ინსტრუმენტის მიერ მიღებული გამოსახულების ხარისხი „დიფრაქციულად არის შეზღუდული“, რაც იმას ნიშნავს, რომ ასახულ დეტალთა სიზუსტე იმდენად კარგია, რამდენის საშუალებასაც ტელესკოპის ზომა იძლევა. ამ მომენტიდან, სარკეებში ერთადერთი ცვლილება ძალიან მცირე იქნება — სარკეების ძირითადი სეგმენტის პერიოდული გასწორება.
„ტელესკოპის გასწორების დასრულებით და ამ პროექტზე ჩემი ცხოვრების ნახევრის შელევით, ჩემი როლი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მისიაში დასრულებულია. ამ ფოტოებმა ძირფესვიანად შეცვალა სამყაროს ჩემეული აღქმა. ჩვენ გარშემორტყმული ვართ ქმნილებათა სიმფონიით; ყველგან გალაქტიკებია. იმედი მაქვს, მათ მსოფლიოში ყველა ნახავს“, — ამბობს ვების მგრძნობელობისა და კონტროლის მეცნიერი სკოტ ექტონი.
ვების ჯგუფმა ყურადღება ამჯერად სამეცნიერო ინსტრუმენტთა ექსპლუატაციაში გაშვებაზე უნდა გადაიტანოს. ყოველი ინსტრუმენტი დეტექტორთა ძლიერ დახვეწილი კრებულია, რომლებიც აღჭურვილია ლინზებით, ნიღბებით, ფილტრებით და მორგებული აღჭურვილობით, რომლებიც იმ სამეცნიერო ამოცანათა მიღწევას უზრუნველყოფენ, რისთვისაც ტელესკოპი შეიქმნა.
ინსტრუმენტთა მოქმედებაში გაშვების ფაზაში, ინსტრუმენტების სპეციალიზებული მახასიათებლები სხვადასხვა კომბინაციებში გადაეწყობა და ამუშავდება, რათა სრულად დადასტურდეს მეცნიერებისთვის მათი მზადყოფნა.
მიუხედავად იმისა, რომ ტელესკოპის გასწორება დასრულდა, ჩასატარებელია კალიბრაციის რამდენიმე დეტალი: სამეცნიერო ინსტრუმენტთა ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში, ტელესკოპს ცის სხვადასხვა ზონისკენ მიმართავენ, სადაც ობსერვატორიაზე დაცემული მზის სრული რადიაცია ცვალებადი იქნება, რათა დადასტურდეს თერმული სტაბილურობა სამიზნეთა ცვალებადობისას. ამას გარდა, ყოველ ორ დღეში ერთხელ ჩატარდება ტელესკოპის მოვლის დაკვირვებები, რათა თვალყური ადევნონ მისი სარკეების განლაგებას და როცა საჭირო გახდება, შესწორება შეიტანონ, რომ სარკეები თავის ადგილას იყოს შენარჩუნებული.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.