კანადის ალბერტას პროვინციაში ჯავშნიანი დინოზავრის უკანასკნელი სადილი 110 მილიონი წლის შემდეგ აღმოაჩინეს; საკვები მის განმარხებულ მუცელშია შემორჩენილი.
ეკლებიანი, 1300 კილოგრამიანი ნოდოზავრი 2011 წელს აღმოაჩინეს და პირველად 2017 წელს აღწერეს; მკვლევართა განცხადებით, მისი კუჭი საუკეთესოდ არის შემონახული ამ დრომდე აღმოჩენილ დინოზავრის ნამარხ კუჭებს შორის.
წყლიან ქანებში აღმოჩენილი დინოზავრის ხუთწლიანი დეტალური კვლევის შემდეგ, მის მუცელში აღმოჩენილი ფეხბურთის ბურთის ზომის მასა ისტორიაში პირველად გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რას ჭამდნენ ეს მოზრდილი, ბალახისმჭამელი დინოზავრები.
„როდესაც ხალხი ამ საოცარ ნამარხს ხედავს და ვეუბნებით, რომ ვიცით, რა ჭამა მან ბოლოს, რადგან ჩონჩხში მისი კუჭი კარგად არის შემონახული, ეს მხეცი მათთვის თითქოს ცოცხლდება, წარმოიდგენენ, როგორ დადიოდა, სად ცხოვრობდა და რას ჭამდა“, — ამბობს კანადის სასკაჩევანის უნივერსიტეტის გეოლოგი ჯიმ ბესინგერი.
ეს კი ნამდვილად რაღაც ისეთი დეტალია, რაც ნამდვილად არასოდეს ვიცოდით ბალახისმჭამელი დინოზავების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დინოზავრი ანკილოზავრების ოჯახის მხოლოდ ერთ სახეობას, Borealopelta markmitchelli-ს წარმოადგენს, მაინც დიდად დაგვეხმარება უკეთესად შევისწავლოთ დინოზავრებების საჭმლის მომნელებელი სისტემა და ფიზიოლოგია; თანაც გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანკილოზავრების ნამარხები ყველა კონტინენტზეა აღმოჩენილი, მათ შორის ანტარქტიდაზეც.
ეს დინოზავრები შეიძლება კარგად გახსოვთ ანიმაციური ფილმიდან „მიწა დროის დასაწყისამდე“, რომელშიც ტლანქი პერსონაჟი, სახელად კოში ხარბად სანსლავს ხილს და კმაყოფილი აბოყინებს. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ანკილოზავრთა ზოგიერთი ოჯახი შეიძლება უფრო წუნია იყო და ბოსტნეული ერჩივნა.
მეცნიერთა განცხადებით, იქამდე, ვიდრე ალბერტაში აღმოჩენილ Borealopelta-ს წყალდიდობის შედეგად ზღვა შთანთქავდა, ის ყლორტებს, პატარა ტოტებსა და გვიმრების კონკრეტულ სახეობებს ჭამდა, უმეტესად უარს ამბობდა წიწვოვან მცენარეებსა და ციკადის ფოთლებზე, რომლებიც იმ დროს იქ უხვად იყო.
მის ნაწლავებში აღმოჩენილი ფოთლოვანი მასალის 88 პროცენტს გვიმრის ფოთლები შეადგენს, 7 პროცენტს კი ყლორტები და პატარა ტოტები.
„კუჭის შემცველობის თხელი სექციები მიკროსკოპით შევისწავლეთ. შოკში ჩავვარდით, როდესაც დავინახეთ გასაოცრად შემონახული და კონცენტრირებული მცენარეული მასალა. ზღვის ქანებში ჩვენ თითქმის არასოდეს გვინახავს ასე კარგად შენახული ფოთლები, მათ შორის გვიმრების სპორების წარმომქმნელი მიკროსკოპული სპორანგიუმი“, — ამბობს კანადის ბრენდონის უნივერსიტეტის ბიოლოგი დევიდ გრინვუდი.
საერთო ჯამში, ჯგუფმა იპოვა 50 ტიპის მცენარის მიკრონამარხი, მათ შორის ხავსების ექვსი ტიპი, გვიმრების დიდი მრავალფეროვნება, წიწვოვნების რამდენიმე ტიპი და ორი ყვავილოვანი მცენარე.
მკვლევრებმა ასევე იპოვეს საკვებში შერეული კენჭები, რომლებსაც ცხოველები განზრახ ყლაპავენ უხეში საკვების გადამუშავების გაადვილების მიზნით (მაგალითად, ასე იქცევიან ნიანგები და სელაპებიც).
თუმცა, ყველაზე გასაოცარი აღმოჩენა მაინც დამწვარი მცენარეულობა იყო, რომელიც მას შემთხვევით ჰქონდა შეჭმული ან შეიძლება რაღაც მიზნითაც.
„კუჭში საკმაო რაოდენობის დამწვარი მცენარეების ნახშირია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხოველი ახლად დამწვარ ზონაში დადიოდა და ხარბად სანსლავდა გვიმრებს, რომლებიც ხშირად ამოდის დამწვარ ლანდშაფტზე. ხანძრის ეკოლოგიასთან ასეთი ადაპტაცია ახალი ინფორმაციაა“, — ამბობს გრინვუდი.
თუ ეს ინფორმაცია მართებულია, ყველაზე ძველი მტკიცებულება იქნება იმისა, როგორ მბრძანებლობდნენ დიდტანიანი ბალახისმჭამებელი ხანძრის შემდეგ მცენარეულობის ხელახლა გაზრდაზე.
ამჟამად, თანამედროვე ეკოსისტემებში, დიდი ბალახისმჭამელები მათ მიერ დაკავებულ ლანდშაფტში გადამწყვეტად მიიჩნევიან. უფრო მეტიც, მათ ხშირად სახეობათა „ქვაკუთხედს“ უწოდებენ, რადგან ისინი ეკოსისტემას წარმოუდგენლად ეხმარებიან.
„დღეს არსებულ დიდ ბალახისმჭამელთა მსგავსად, იქნება ეს ცხენირემი თუ ირემი, ანდაც სპილო, ეს დინოზავრები საკუთარი კვებით აყალიბებდნენ ლანდშაფტის ვეგეტაციის ფორმას, რადგან ბალახობის შედეგად, ზონების გახსნილობას ინარჩუნებდნენ“, — განმარტავს გრინვუდი.
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ეს განსაკუთრებით კარგად შემონახული დინოზავრი უკანასკნელი ჭამიდან მალევე მოკვდა, მაგრამ უცნობია, არის თუ არა მისი საკვები სხვა ბალახისმჭამელ დინოზავრთა კვების რაციონის მანიშნებელი. ის მხოლოდ ერთი ინდივიდია და მისი რაციონი შეიძლება სულაც არ იყოს უფრო ფართო სურათის მომცემი.
განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს დინოზავრი მოკვდა გვიან გაზაფხულზე ან შუა ზაფხულში, რაციონი და საჭმელზე ხელმისაწვდომობა კი ხშირად არის მიბმული სეზონურ ცვლილებებთან და ლანდშაფტის ცვალებადობასთან.
მკვლევართა განცხადებით, ეს მონაცემები საუკეთესი პირდაპირი მტკიცებულებაა ბალახისმჭამელი არამფრინავი დინოზავრების კვების რაციონის შესახებ. თანაც, იმის შანსი, რომ მისი მსგავსი რამ კიდევ აღმოვაჩინოთ, უკიდურესად მცირეა.
განმარხებული კუჭი დინოზავრის ჩონჩხთან ერთად ამჟამად გამოფენილია კანადაში, ალბერტას პროვინციის ქალაქ დრამჰელერის ტირელის პალეონტოლოგიის სამეფო მუზეუმში.
კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.