ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მარია ბუტინა რუსეთში დეპორტირების მიზნით, საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს
ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული რუსეთის მოქალაქე მარია ბუტინა რუსეთში დეპორტირების მიზნით, საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს.
მარია ბუტინა მოსკოვში, სავარაუდოდ, 26 ოქტომბერს გამთენიისას ჩავა.
მარია ბუტინა 2018 წლის 15 ივლისს ვაშინგტონში დააკავეს. მას ბრალად აშშ-ის ტერიტორიაზე რუსეთის მთავრობის სასარგებლოდ საქმიანობა ედებოდა.
ამერიკის სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის მოქალაქე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის აგენტად რეგისტრირებული არ ყოფილა. მარია ბუტინამ ბრალი აღიარა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდა.
არსებული ინფორმაციით, 30 წლის მარია ბუტინა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე აგროვებდა ინფორმაციას და იარაღის ლობისტ გავლენიანი ჯგუფის საშუალებით, ამერიკელ პოლიტიკოსებთან კავშირებს ამყარებდა.