ჯარჯი აქიმიძე - გვინდა, დავბრუნდეთ „რუსთავი 2“-ში და გავაგრძელოთ იგივე გზა, რასაც აკეთებდა ეს ტელევიზია
ჩვენ გვინდა, დავბრუნდეთ იმ ტელევიზიაში და გავაგრძელოთ ზუსტად იგივე გზა, რასაც აკეთებდა „რუსთავი 2“, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებამ, ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიმსახურა თავისუფალი ტელევიზია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელმა, ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა.
როგორც ჯარჯი აქიმიძემ აღნიშნა, არც მის და არც დათო დვალის უკან არანაირი ხალხი, დაჯგუფება, პარტია, რაც ყველაზე მთავარია, არანაირი პოლიტიკური ძალა არ დგას.
„ჩვენ ვართ თავისუფლები ყველანაირი მოვალეობებისგან და ჩვენი გაკეთებული იყო „რუსთავი 2“. შესაბამისად, გვინდა დავბრუნდეთ იმ ტელევიზიაში და გავაგრძელოთ ზუსტად იგივე გზა, როგორსაც აკეთებდა „რუსთავი 2 “და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებამ, ამ ქვეყანამ ბოლოს და ბოლოს დაიმსახურა თავისუფალი ტელევიზია. ერთი რამის გამო თუმდაც, იმიტომ რომ, თუ „რუსთავი 2“ იქნება თავისუფალი, აუცილებლად დანარჩენებთანაც იქნება დემოკრატიული და თავისუფალი გარემო, რადგან ეს ყველაფერი ხდება წამხედურობით. ერთი რომ რაღაც ინფორმაციას გადასცემს, ავტომატურად იმეორებს დანარჩენი სხვაც, შემდეგ ამიტომ არის ეს დაძაბულობა და ნერვიული ფონი მერე. საკმარისია დამშვიდდეს, დადინჯდეს სიტუაცია და საკმარისია, რეალურად ჩვენ ჩავდგეთ რაღაც კონკურენციის და არა მტრობის რეჟიმში, რომ ჩვენ დავემსგავსებით ნორმალურ საზოგადოებას და ქვეყანას“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.