დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს
დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს

ქიბარ ხალვაშმა რითაც მოიგო, იმით წააგებს, – ამის შესახებ განცხადება „რუსთავი2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილის დაბრუნების მოთხოვნით დღეს სამოქალაქო სარჩელს შეიტანს.

კოჟორიძემ პრესკონფერენცია ჯარჯი აქიმიძესთან, დავით დვალთან და სისხლის სამართლის მიმართულებით მათ ადვოკატთან, სოსო ბარათაშვილთან ერთად გამართა. კახა კოჟორიძის განმარტებით, სამოქალაქო სარჩელით მოთხოვნილია 60 პროცენიანი წილის დაყადაღება, როგორც სადავო ქონების.

რაც შეეხება მოლოდინებს, კახა კოჟორიძის თქმით, სამართლებრივ ბრძოლაში გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ.

„ასევე ვამატებთ სხვა მრავალ გარემოებას, მტკიცებულებასა და არგუმენტს. ყველა სამართლებრივ საკითხზე, რაც შეიძლება დაისვას ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით. პასუხები უკვე წერია დიდი პალატის გადაწყვეტილებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენი სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ გვაქვს გადმოკოპირებული დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან. ეს არის შემთხვევა, როდესაც ქიბარ ხალვაშის ყველა არგუმენტი მისსავე საწინააღმდეგოდ იქნებ გამოყენებული. თუმცა, გარდა ხალვაშის სარჩელის მსგავსი არგუმენტებისა, ჩვენ გვაქვს დამატებითი ფაქტები და არგუმენტები, რაც ჩვენს სარჩელს დამატებით იურიდიულ ძალას სძენს“, – განაცხადა კოჟორიძემ.

კახა კოჟორიძის თქმით, მოსამართლეს, რომელიც მის სარჩელს განიხილავს ექნება ორი არჩევანი – ან სარჩელი დააკმაყოფილოს, ან სასამართლომ უნდა უარყოს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. მისი განმარტებით, 2004 წლიდან „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანია და 60-პროცენტიანი წილი გაიყიდა პაატა კარსანიზეზე, იმავე დღეს კი ეს წილი კარსანიძემ „ხელისუფლებასთან დაახლოებულ ქიბარ ხალვაშს მიჰყიდა“.

„ჩვენს სარჩელს დამატებით აძლიერებს მოპასუხე ქიბარ ხალვაშის ფაქტობრივი აღიარება აქიმიძესა და დვალზე განხორციელებულ იძულებაში მონაწილეობის კუთხით. 2014 წელს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ხალვაში განმარტავს, რომ 2004 წელს „რუსთავი 2“-ის შესყიდვის მიზნით, ერთი მილიონ 200 ათასი დოლარი გადასცა ირაკლი ოქრუაშვილს, ხოლო ოთხი მილიონი დოლარი პირადად ივანე მერაბიშვილს. ცხადია, ჩნდება კითხვა, თუ ხალვაში კეთილსინდისიერად ყიდულობდა 60 პროცენტ წილს მოსარჩელეებისგან, მაშინ მისივე განცხადების თანახმად, რატომ უხდიდა მილიონობით დოლარს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს?!

არ არის საჭირო იურიდიული განათლება იმის მისახვედრად, რომ როდესაც ქონებას ყიდულობ კერძო პირისგან და ფულს უხდი შს მინისტრს, ასეთი ხელშეკრულება სამართლებრივად ნამდვილ ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება. წილების შესყიდვის მიზნით, ქიბარ ხალვაში არასოდეს შეხვედრია მოსარჩელეებს, არ უწარმოებია არანაირი მოლაპარაკება და არც ფიზიკურად მისულა იმ კომპანიის სანახავად, რომელშიც მისივე განცხადების თანახმად, მილიონობით დოლარს იხდიდა“, – განაცხადა კოჟორიძემ.

ჯარჯი აქიმიძემ მედიას ამ პროცესით დაინტერესება სთხოვა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას და დიპლომატიურ კორპუსს მიაწოდონ მათი სარჩელის და სამართლებრივი დავების შესახებ ინფორმაცია.

„სასამართლოში სარჩელის შეტანით იმედს გამოვთქვამთ, რომ სამართლიანი გარემო გვექნება. მივმართავთ ყველა მედიასაშუალებას მხარდაჭერის თხოვნით, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს დაინტერესდნენ ამ საქმით. „რუსთავი 2“-ის მიმართ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის დაუბრუნდება დამფუძნებელს“, – განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.