ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი - საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება
საქართველო სერიოზულად მიუდგა ტესტირების შესაძლებლობებს მანამდეც კი, ვიდრე ვირუსი ქვეყნაში გავრცელდებოდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან განიხილა.
„საქართველო არის ერთ-ერთი იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები ადრეულ ეტაპზე დააწესეს. საქართველო სერიოზულად მიუდგა ტესტირების შესაძლებლობებს მანამდეც კი, ვიდრე ვირუსი ქვეყნაში გავრცელდებოდა. ეს იანვარში მოხდა. ხოლო უკვე 2 მარტიდან შემოიღეს ფიზიკური დისტანცირება. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ ზომების ადრეულ ეტაპზე მიღება, რომლებიც მუშაობს. ანუ კონტაქტების გამოვლენა, მათი იზოლაცია, ტესტირება, ინფიცირებულების მკურნალობა, კონტაქტების გამოვლენა და მათი კარანტინში გადაყვანა. თუმცა, საქართველო კიდევ უფრო წინ წაიწია, ის უკვე მუშაობს ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვას პრიორიტეტად აცხადებს და ასევე, მუშაობს მეორე ფაზაზე“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ დირექტორს კითხვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რაზეც ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან, ასევე გაერო-ს სააგენტოების მეშვეობით ცდილობს ინფორმაციის მოპოვებას ცხინვალსა და აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წარმოდგენილ სააგენტოებთან. ჩვენ ვმუშაობთ გაერო-ს სხვა სააგენტოებთან, რათა უკეთ გავიგოთ, რა სიტუაციაა ამ ტერიტორიებზე კორონავირუსის გავრცელების კუთხით. ასევე, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ თვალს ვადევნებთ სიტუაციას, ვმუშაობთ პარტნიორებთან, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ადგილზეც. ჩვენ აღვრიცხავთ შემთხვევებს ამ ტერიტორიებზე და ვაწვდით მხარდაჭერას ევროპაში სხვა სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც“, – დასძინა ჰანს კლუგემ.