ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველი შვიდი კოვიდინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია
მსოფლიო მასშტაბით, ყოველი შვიდი კოვიდინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია, ხოლო ზოგიერთ ქვეყანაში, ყოველი სამი ინფიცირებულიდან -ერთი. შესაბამის მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მომუშავე მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს.
„გლობალურად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „კოვიდ-19“-ის რეგისტრირებული შემთხვევების 14 პროცენტი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებზე მოდის, ზოგიერთ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტს აღწევს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პაციენტთა უსაფრთხოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
თავის მხრივ, გაერო-ს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, გაი რაიდერმა მედიკოსების ინფიცირების მონაცემებს შოკისმომგვრელი უწოდა.
„პაციენტების უსაფრთხოება მოითხოვს ჯანდაცვის სფეროს მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც – ეს ერთი მონეტის ორი მხარეა“, – განაცხადა რაიდერმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა კი მედიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„ერთია, იდგე და უყურო, როგორ იხოცებიან ადამიანები, რადგან შენ ვერ შველი მათ, მეორე – უყურო, როგორ ეცემა და ინფიცირედება შენი კოლეგა და მეგობარი, და მესამე – რომელიც ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს, არის საშიშროება, რომ შეიძლება, მათ ეს დაავდება სახლში თავიანთ ოჯახებს, მეგობრებს, შვილებს მიუტანონ“, – განაცხადა რაინამა.
ექთნების საერთაშორისო საბჭოს მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ათასზე მეტი ექთანი გარდაიცვალა.