ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი თვითიზოლაციაში გადავიდა. გაერო-ს ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა და მომდევნო დღეების განმავლობაში კარანტინში იქნება.

გებრეისუსის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაემორჩილოს ჯანდაცვის სახელმძღვანელო მითითებებს, რადგან სწორედ ამ გზით მოხდება ვირუსის გადამცემი ჯაჭვის გაწყვეტა.

„მე კარგად ვარ და სიმპტომების გარეშე ვარ, მაგრამ უახლოეს დღეებში თვითკარანტინში ვიქნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლების შესაბამისად და ვიმუშავებ სახლიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველანი ვიცავდეთ სამედიცინო მითითებებს. ასე დავარღვევთ „კოვიდ-19“-ის გადაცემის ჯაჭვებს, აღვკვეთთ ვირუსს და დავიცავთ ჯანდაცვის სისტემებს“, – წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.