ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშში, სადაც წითელას ვირუსის გავრცელებაზეა საუბარი, საქართველოც მოხვდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2019 წლის პირველ ორ თვეში ევროპაში წითელას 34 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია იუწყება, მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადების აფეთქება კონტინენტზე შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ მოსახლეობამ ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს.
მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადების 13 ფატალური შემთხვევა ალბანეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაფიქსირდა. როგორც ორგანიზაცია იუწყება, ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება უკრაინაშია, სადაც 2019 წლის პირველ ორ თვეში წითელათი დაინფიცირებულების რაოდენობამ 25 ათასს მიაღწია.
რაც შეეხება საქართველოს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველ ორ თვეში ვირუსული დაავადების 2 203 შემთხვევა დაფიქსირდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპის ათი ქვეყანა: საქართველო, ბელგია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი, რუსეთი, სერბეთი და უკრაინა წითელას დაავადების მხრივ კვლავ ენდემურ ქვეყნებად რჩებიან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველი ორი თვის მონაცემები გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონში წითელათი დაინფიცირებულების რიცხვის ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. მათ შორის არის იმუნიტეტის დაქვეითება და ქვეყნებში არსებული მარგინალიზებული ჯგუფები, რომლებიც ვაქცინას ეწინააღმდეგებიან. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წითელას წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად დროული და კომპლექსური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციური დაავადება სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.