მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება

ჯანდაცვის სფეროში უსაფრთხოების არასათანადოდ დაცვის გამო ყოველწიურად 2,6 მილიონი ადამიანი იღუპება. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პაციენტები ყველაზე დაუცველები საშუალო და დაბალი შემოსავლების მქონე სახელმწიფოებში არიან.

პაციენტებისადმი მიყენებული პერსონალური, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შედეგად ტრილიონობით დოლარი იკარგება. ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისას არავინ უნდა დაზიანდეს. მიუხედავად ამისა, დღეს ყოველ ერთ წუთში, სულ მცირე 5 პაციენტი იღუპება და ამის მიზეზი არასათანადოდ დაცული უსაფრთხოებაა“, – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვის კულტურა დაინერგოს, რაც ნიშნავს პარტნიორობას პაციენტებთან.

„პაციენტები უნდა წავახალისოთ, რომ მათ დარღვევების შესახებ შეგვატყობინონ და ეს შეცდომები გასწორდეს. ეს შექმნის ისეთ გარემოს, რომელშიც დამნაშავის ძებნა აღარაა აუცილებელი, ხოლო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები შესაბამის ტრეინინგს გაივლიან, რომ ხარვეზები აღმოიფხვრას“, – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ყოველი 10 პაციენტიდან ოთხი პირველადი და ამბულატორიული ჯანდაცვის სერვისების სარგებლობისას ზიანდება. ყველაზე გავრცელებული ხარვეზი არასწორი დიაგნოზი და არასათანადო დანიშნულებაა. პრობლემატურია ხარვეზები ოპერაციების დროს.

„არასწორად დანიშნული მედიკამენტების გამო აშშ-ის ბიუჯეტი წელიწადში 42 მილიარდ დოლარს კარგავს. ქირურგიული პროცედურების დროს უსაფრთხოების წესების არასათანადო დაცვა პაციენტების 25 პროცენტში გართულებებს იწვევს, რაც ყოველწლიურად ერთი მილიონი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი ხდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა პაციენტებისთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს. ორგანიზაციაში ხაზგასმით ამბობენ, რომ პაციენტების უსაფრთხოების დაცვაში ინვესტიციების დაბანდებით ფინანსების მნიშვნელოვანი დაზოგვაა შესაძლებელი.

„პრევენცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე პაციენტისთვის მიყენებული ზიანის შემდეგ მისი მკურნალობის დაფინანსება. უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის პაციენტების ჩართულობა გადამწყვეტია“, – აცხადებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერი პაციენტების უსაფრთხოების მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნად სხვადასხვა ქალაქში შენობები ნარინჯისფრად განათდება.

დატოვე კომენტარი