მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბე და ცე ჰეპატიტით 325 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბე და ცე ჰეპატიტით 325 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ბე ჰეპატიტის ვირუსით 257 მილიონი, ხოლო ცე ჰეპატიტით 71 მილიონი ადამიანია ინფიცირებული. ორგანიზაციის ცნობით, სათანადო მკურნალობის გარეშე 2030 წლისთვის შესაძლოა, 4.5 მილიონამდე ადამიანი დაიღუპოს. მკურნალობას დღეისათვის მხოლოდ ორ მილიონამდე პაციენტი გადის.

თუმცა, დაავადებულთა რიცხვის შემცირება ინფიცირების ახალი კერების წარმოშობისა და ჯანდაცვის დაბალი დონის ფონზე რთულდება. ჰეპატიტის სამკურნალოდ სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით სულ უფრო იზრდება მიმართვიანობა ისეთი ქვეყნისკენ, როგორიცაა ეგვიპტე.

ჰეპატიტით ინფიცირებულთა ოდენობით, პირველ ადგილზეა პაკისტანი, სადაც ვირუსი 10 მილიონამდე ადამიანს აქვს. მეორე ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ კი ეგვიპტე. მეოთხე ადგილს აშშ და რუსეთი იყოფენ, სადაც ჰეპატიტით დაავადებულთა რიცხვი სამ მილიონამდე მერყეობს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ჰეპატიტის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელის, მარკ ბალტრეისის განცხადებით, დაავადებასთან გასამკლავებლად ყოველწლიურად ექვსი მილიარდი დოლარის ინვესტირებაა საჭირო.

მსოფლიო ჰეპატიტის დღე ყოველწლიურად 28 ივლისს აღინიშნება და მიზნად ჰეპატიტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს. წლევანდელი თემა „ჰეპატიტის ელიმინაციაში ინვესტირებაა“.

საქართველოში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერით ხორციელდება.