მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - მსოფლიოში ყოველი ხუთი ბავშვიდან ოთხი ზედმეტად ცოტას მოძრაობს
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია - მსოფლიოში ყოველი ხუთი ბავშვიდან ოთხი ზედმეტად ცოტას მოძრაობს

მსოფლიოში ყოველი ხუთი ბავშვიდან ოთხი ზედმეტად ცოტას მოძრაობს. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალ კვლევაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 11-დან 17 წლამდე მოზარდების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიურ სავალდებულო ფიზიკურ აქტივობას არ ასრულებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით გოგონებში შეინიშნება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, საერთაშორისო მასშტაბით, მოზარდების მხოლოდ 15 პროცენტი აღწევს ყოველდღიურ სავალდებულო ფიზიკურ აქტივობას. კვლევა 146 ქვეყნის 1,6 მილიონი სკოლის მოსწავლის გამოკითხვის შედეგად არის შედგენილი, რომელთა ასაკი 11-დან 17 წლამდე მერყეობს. გამოკითხვა 2001-2016 წლებში ჩატარდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება ბანგლადეშშია, სადაც ყოველდღიურ სავალდებულო ფიზიკურ აქტივობას მოზარდების 66 პროცენტი არ ასრულებს.

დოკუმენტში მოზარდების მსგავსი ქმედებების ზუსტი მიზეზები დასახელებული არ არის. თუმცა სწავლულების აზრით, ნაკლები ფიზიკური დატვირთვა შესაძლოა, „ელექტრონულმა რევოლუციამ“ გამოიწვია.

ამასთან ერთად ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად დასახელებულია უსაფრთხოებაც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მასშტაბით არსებობს ძალიან ბევრი ქალაქი, რომელთა ქუჩებში ყოფნა სულ უფრო სახიფათო ხდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ცხოვრების მსგავსი სტილის შემთხვევაში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ამასთან ერთად გონებრივი განვითარება ფერხდება და ბავშვს ეზღუდება სოციალური უნარებიც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, 5-დან 17 წლამდე მოზარდები ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათი ფიზიკურად აქტიურები უნდა იყვნენ. მაგალითისთვის ისინი შეიძლება დაკავდნენ სპორტის რომელიმე სახეობით.