ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, „ჰიდროქსიქლოროქინით“ „კოვიდ-19“-ის მკურნალობის ცდები განახლდება. ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.
მონაცემთა უსაფრთხოების მონიტორინგის საბჭოს დასკვნით, არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამ პრეპარატზე ცდების შეჩერების მიზეზი არ არსებობს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აღმასრულებელმა გუნდმა ეს რეკომენდაცია მიიღო და ემხრობა „ჰიდროქსიქლოროქინის“ მეშვეობით ცდების ჩატარების განახლებას“,- განაცხადა გებრეიესუსმა
გადაწყვეტილება პრეპარატის გამოყენების დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 25 მაისს მიიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ლანცეტის“ კვლევამ აჩვენა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინით“ მკურნალობა „კოვიდ-19“-ის პაციენტებში სიკვდილიანობის დონეს ზრდიდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მონაცემების გადახედვის შემდეგ ეს ჰიპოთეზა უარყო.