ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ვირუსის პოლიტიზება დაუშვებელია, თუ ცხედრის უფრო მეტი ჩანთა არ გსურთ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის პოლიტიზება დაუშვებელია. ეს განცხადება ტედროს გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ყველა პოლიტიკური პარტიის მიზანი უნდა იყოს ადამიანების გადარჩენა. როდესაც ეროვნულ და გლობალურ დონზე ჩნდება ბზარები, ვირუსი იმარჯვებს. ღვთის გულისთვის, ჩვენ 60 000 ადამიანი დავკარგეთ მსოფლიოში. რას ვაკეთებთ? „კოვიდ 19“-ის პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად გამოყენება არ არის საჭირო. ამისთვის სხვა უამრავი გზა არსებობს. თუ უფრო მეტი ცხედრის ჩანთა არ გსურს, ვირუსის პოლიტიზებას უნდა მოერიდო“, – განაცხადა გებრეიესუსმა.
მისივე თქმით, ის უკვე შეეჩვია პერსონალურ თავდასხმებსაც და ეს არ ანაღვლებს.
„პერსონალური თავდასხმები უკვე რამდენიმე თვეა, გრძელდება. მათ შორის რასისტული კომენტარები. მე მეძახიან „ზანგს“ ან „შავკანიანს“. მე ამაყი ვარ, რომ შავი კანი მაქვს, ამაყი ვარ რომ „ზანგი“ ვარ… არაფერი მანაღვლებს, სიკვდილის მუქარაც კი“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის დირექტორმა.
ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა მას დონალდ ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტით დაიმუქრა. ტრამპის მოსაზრებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს, რითაც აშშ-ის პრეზიდენტი უკმაყოფილოა.