ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის მომსახურების გაფართოებისკენ მოუწოდებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის მომსახურების გაფართოებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ამჟამინდელი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, უახლოესი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოში სიმსივნური დაავადებების რიცხვი 60 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სიმსივნური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს სიმსივნური დაავადებების გამო მსოფლიოში 9,6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნევს საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მომსახურების გაფართოებას. არსებული პროგნოზით, ასეთ ქვეყნებში უახლოესი ორი ათწლეულის განმავლობაში ონკოლოგიური დაავადებების რაოდენობის 81%-ით ზრდის რისკი არსებობს.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ,ეს განპირობებულია იმით, რომ ამ ქვეყნების ისედაც შეზღუდული რესურსი დიდწილად მიმართულია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაზე, ასევე ბავშვებისა და ორსულების ჯანდაცვაზე. ამავე დროს, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში ჯანდაცვის სისტემა მოკლებულია სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობას.

„ეს არის შემაფხიზლებელი მოწოდება, რომ ყველა ჩვენგანი ებრძოლოს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მხრივ მიუღებელ უთანასწორობას ღარიბ და მდიდარ ქვეყნებში. თუ ადამიანებს ექნებათ წვდომა პირველად სამედიცინო მომსახურებაზე, შესაძლებელი იქნება სიმსივნის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და ეფექტიანი მკურნალობა. სიმსივნე არ უნდა იყოს ვინმესთვის სასიკვდილო განაჩენი“, – განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექიმმა რენ მინგუიმ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ერთობლივი ანგარიშის თანახმად, ძალისხმევის კოორდინირებით შესაძლებელი იქნება მომავალი ოცი წლის განმავლობაში 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ამისთვის საჭიროა თითოეული ქვეყნისთვის შესაბამისი ზომების განსაზღვრა და დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობა.