ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო ბერძული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრად დაინიშნა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო ბერძული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების დირექტორად დაინიშნა.
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მხრიდან ჯანდაცვის ქართველი სპეციალისტების მიმართ გამოჩენილი ნდობა მისასალმებელია და ბერძულს მომავალ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
„დანიის სამეფოში საქართველოს საელჩო გულითადად ულოცავს ნინო ბერძულს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და ქვეყნების ჯანდაცვის პროგრამების დირექტორად დანიშვნას და წარმატებებს უსურვებს მას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ასევე, მისასალმებელია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მხრიდან ჯანდაცვის ქართველი სპეციალისტების მიმართ გამოჩენილი დიდი ნდობა“, – აღნიშნავს საელჩო.
ნინო ბერძული ბოლო წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მუშაობს, მანამდე იგი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.