ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სუროგაციის საკითხის დარეგულირებას, ტრანსპლანტაციის კანონთან ერთად, ევროასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს და მისი ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სუროგაციის საკითხის დარეგულირებას, ტრანსპლანტაციის კანონთან ერთად, ევროასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს და მისი ამოქმედება პანდემიის გამო გადაიდო

ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ კომერციულია, ზოგიერთ ქვეყანაში შედარებით კომპრომისული ვარიანტია და ზუსტად ის გვაქვს ჩვენ გადმოტანილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულების დარეგულირების რეკომენდაცია არსებობდა ჯერ კიდევ 2004 წლიდან და აღნიშნულ პუნქტს ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებაც.

„2004 წლიდან გვავქვს რეკომენდაცია, რომ აღნიშნული სფერო დარეგულირდეს. რადგან იმ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ 20 წლის წინ, როდესაც ტექნოლოგიურად ვითარდებოდა მსოფლიო, ამის საშიშროება ჩვენს ქვეყანაშიც იყო. რატომ არის დღეს საქართველო მიმზიდველი? იმიტომ, რომ ეს მიმართულება არის სრულად დაურეგულირებელი, არ კონტროლდება არც დონორი, არც სუროგატი, არანაირი აღრიცხვა არ ხდება ამ მიმართულებით, როგორც სიცოცხლის რისკთან დაკავშირებული პრობლემებია, ასევე სხვადასხვა სოციალური პრობლემაა. ასეთი მოტივაციის გამჩენი რეკლამებიდან შეიძლება ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა ხდებოდეს. ასევე, ტრანსპლანტაციის კანონთან ერთად, ერთ-ერთ პუნქტად გვაქვს ჩაწერილი ევროასოცირების ხელშეკრულებაში და პანდემიამდე, თუ სწორად მახსოვს, 2020 წელს უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ახლა დაჩქარებული მეთოდით ვცდილობთ შემოდგომისთვის, რომ აღნიშნული იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სუროგაცია საერთოდ აკრძალულია.

„სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა პრაქტიკა. ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის გზით ბავშვის დაბადება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთ ქვეყანაში არის შედარებით კომპრომისული ვარიანტი და ზუსტად ის გვაქვს ჩვენ გადმოტანილი. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ კომერციულია. ჩვენს შემთხვევაში კომერციულად არ ითვლება, რადგან უანგარობის პრინციპია და მხოლოდ იმ ხარჯებს ვფარავთ, რაც შეიძლება ამ პროცესთან იყოს დაკავშირებული, ასევე შემოვსაზღვრეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ანუ ავირჩიეთ ყველაზე კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეიძლება, დემოგრაფიულ ნაწილშიც დაგვეხმაროს, თან იყოს მოწესრიგებული და პასუხისმგებლობა ავიღოთ მთლიანად ამ მიმართულებაზე. იყო და არის საკმაოდ დიდი ბიზნესი, არის შესაბამისი ასოციაციები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩემი დავალებით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა მათთან, ყველა დეტალსა და ნიუანსს გადიოდნენ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რა ხდება სექტორში, რის გამოსწორებას ვაპირებდით. საბოლოოდ, მეტ-ნაკლებად კომპრომისული ვარიანტი მივიღეთ. აქ, ძირითადად, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები არის გათვალისწინებული“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.