მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული
მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული

მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე გამოიკვეთა ერთ-ერთი პრობლემური საკითხი – სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებია, საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში არ არსებობს არავითარი რეგულაცია და შემაშფოთებელია მისი რეგულირების გარეშე დატოვება.

„საკითხი, რომელიც, ვფიქრობ, საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს, ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ზურაბ აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხნის განმავლობაში ამ თემაზე. მინდა, მაგალითები მოგიყვანოთ. ისეთი მათალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიეტუვა, ესტონეთი, ამ ქვეყნებში სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, როგორებიცაა ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია.

ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, უხეშად არ მინდა, ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ხდება ონლაინ, ვრცელდება ძალიან ბევრი რეკლამა და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არის ინფორმაციები, რომ შეიძლება, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ და შეიძლება, უამრავი პრობლემა იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამას სჭირდება რეგულირება. შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. ეს მხოლოდ დაშვებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვიცი, რომ ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და, რა თქმა უნდა, ეს მათთვის უნდა იყოს დაშვებული. ერთი მხრივ, ეს ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და, ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.