ირაკლი კობახიძე - ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში ზურაბ აზარაშვილმა ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, მათ შორის იმ მამართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა
ირაკლი კობახიძე - ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში ზურაბ აზარაშვილმა ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, მათ შორის იმ მამართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება, ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა

ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში, უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა აზარაშვილის მიერ, როდესაც ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის თქმით, იყო სერიოზული პრობლემები, რაზეც ზურაბ აზარაშვილმა ყურადღება გაამახვილა.

„ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ამ ყველაფერზე მუშაობა. ის პრობლემები, რაზეც საუბრობდა ზურაბ აზარაშვილი, მე პრობლემები დავინახე სხვა მიმართულებით. ეს იყო კომუნიკაციის პრობლემა. ამაზე გავამახვილე ყურადღება. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების თუ მსგავსი პროცესების წინააღმდეგ, ეს გაგრძელდება ისეთივე რეჟიმში. ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ეს პოლიტიკა. გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ზურაბ აზარაშვილმა, როდესაც იყო ჯანდაცვის მინისტრი, მათ შორის იმ მამართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გაგრძელდება აქტიური მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი 2012 წლიდან მოყოლებული სწრაფად მზარდი სექტორია.

„კონკრეტული სექტორი როდესაც სწრაფად იზრდება, ამ შემთხვევაში – ჯანდაცვა, იქ ჩნდება რისკებიც, მათ შორის კარტელური გარიგებების, იზრდება არასწორი პროცესების რისკებიც. ზრდასთან ერთად ასეთი რისკებიც მატულობს. აქ საჭიროა მუდმივი ყურადღება. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ზურაბ აზარაშვილს, მან ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო ჯანდაცვის სექტორი ჩვენს ქვეყანაში. არის რაღაც სპეკულაციური კითხვები, მაგრამ ამაში არ მინდა, შევიდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი. ზურაბ აზარაშვილმა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, მათ შორის იმ მიმართულებით, რაზეც მან გაამახვილა ყურადღება. იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, თუმცა ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაუკარგავს იმ დამსახურებას ზურაბ აზარაშვილს, რომელიც მას აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.