ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ორსული ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული ორსული ქალის მდგომარეობას გაეცნო.
დავით სერგეენკოს განცხადებით, 21 წლის გოგონა 14 კვირის ორსულია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„დღეს დილით ღუდუშაურის კლინიკაში შემოვიდა ორსული ქალი, რომელიც აფეთქების არეალის ახლოს ცხოვრობდა. ახლა მისი მდგომარეობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. მოვინახულე. შემოსვლისას მას ჰქონდა გარკვეული ჩივილები და, რა თქმა უნდა, სწორი იყო, რომ მომართა სამედიცინო დაწესებულებას. ის კარგად არის და ნორმალურად გაგრძელდება ორსულობა“, – განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, როგორც ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განაცხადა, ორსული ქალისთვის ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გადაუდებელი არაფერი სჭირდებოდა. მისივე თქმით, სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
„იმის გამო, რომ 14 კვირის ორსულია, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიური მომენტი იყო. რამდენიმე ხანში გაირკვევა მისი გაწერის საკითხი. სავარაუდოდ, დღეს კლინიკაში დარჩება“, – განაცხადა მარინა გელანტიამ.
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში მდებარე კორპუსიდან, რომელშიც წუხელ აფეთქება მოხდა, ორსული ქალი ღუდუშაურის კლინიკაში დღეს გადაიყვანეს.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.