კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში ორსული ქალი გადაიყვანეს
კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში ორსული ქალი გადაიყვანეს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩა N8-ში მდებარე კორპუსიდან, რომელშიც წუხელ აფეთქება მოხდა, დღეს ღუდუშაურის კლინიკაში ორსული ქალი გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, 21 წლის პაციენტს მუცლის არეში ტკივილები აღენიშნებოდა, მას სხეულის დაზიანებები არ აქვს. მედიკოსების ვარაუდით, პაციენტის მდგომარეობა ნერვულ შოკს უკავშირდება.

ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა დაკვირვების მიზნით კვლავ კლინიკაში რჩება.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რვა. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.