დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის ყველას, ჩატარდა პროცესი და როგორც იქნა, მოხდა ის, რომ გაგვათავისუფლეს, ეს არის როგორც საზოგადოების, ჩემი ადვოკატების დამსახურება, – ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომელიც დღეს სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
როგორც ივერი მელაშვილმა აღნიშნა, გირაოს შეფარდებასაც არ ეთანხმება, რადგან უდანაშაულოა.
კითხვაზე, ელოდა თუ რა ამ გადაწყვეტილებას, ივერი მელაშვილმა აღნიშნა, „კიც და არაც. კი იმიტომ, რომ დაკავების საფუძველი არ არსებობდა, მეორე ის, რომ ამათგან საერთოდ არ იყო დაპატიმრების საფუძველი და დამაპატიმრეს. ყველაფერს ველოდი, მაგრამ კარგია, რომ გამათავისუფლეს. გირაოს არ ვეთანხმებოდი. უსაზიზღრესი ბრალდებაა. პოლიტიკური ნიშნით არის ეს ყველაფერი. შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მადლობა და ალბათ ბოლომდე არის საკითხი მისაყვანი, რადგან ამისთანა აბსურდულ ბრალდებებს ბოლო უნდა მოეღოს. არ შეიძლება, ეს მარაზმი გაგრძელდეს ქვეყანაში“.
რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა.
„ეს არაფერი არ არის, რაც კაბინეტში ჩაწერეს, ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა, აქ მეტი არაფერი არ ყოფილა. სამუშაო განხილვა იყო. საკითხი შეეხება სამუშაო შეხვედრას, კომისიის თავმჯდომარეს ხვდება მისი ერთ-ერთი თანამშრომელი, ვსაუბრობთ რაღაცაზე და მსჯელობა, სამუშაო ვითარებაში არ შეიძლება, იყოს ასეთი გასაჯაროებული. თავიდან ბოლომდე არ მომისმენია ეს ჩანაწერი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ განწყობა იყო ის ჩვეულებრივი, რომ ერთი და მეორე მხარე რაღაცაზე შეთანხმდა, აქ მეტი არაფერზეა საუბარი“, – განაცხადა მელაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე აბსურდული ბრალდებებით.
„რაც შეეხება მანჯგალაძეს, მას ადგილზე არ ჰქონდა ნანახი გარეჯი. დარწმუნებული ვარ, მანჯგალაძეს კი არა, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ნანახი არ აქვს გარეჯი. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. ბრალდება არის აბსურდული, არ ემყარება არავითარ საფუძველს, რომ ნატალია, მე ან ვინმე ექსპერტი რამე ბრალეულობაში იყოს, რაღაც ფართობის გადაცემის, წინა ხელისუფლების მიერ იყოს ამისთანა, ან იმის წინანდელი ხელისუფლების ეს აბსურდულია, ისევე, როგორც თავად ბრალეულობა, რომ ვიღაც ცდილობდა ფართობების გადაცემას. ეს არის ცალსახად აბსურდული ბრალდება, არარსებულია, რადგან საფუძველი არ აქვს. საქართველოს საზღვარი არ შეცვლილა ერთი გოჯითაც, შეთანხმებულ მონაკვეთებზე, რომ საზიანოდ შეთანხმდა. არაფერი საზიანო არ მომხდარა, ეს არის ზუსტად ის შეთანხმება, რაც იყო საჭირო. საზღვარი არის“, – განაცხადა მელაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, ჩანაწერები რომელიც გავრცელდა, ასახავს სამუშაო პროცესს და ამ ჩანაწერებით ვინმეს დადანაშაულება არ შეიძლება.
„გოგი მანჯგალაძესთანაც რომ არის საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო საუბარი. უამრავი საკითხის განხილვა ხდება, ზოგზე არსებობს აზრთა ჭიდილი. ეს რიგითი შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ, რაც არ იცოდა, იმაში დარწმუნდა. იმაზე დაიდო შედეგი. რაზეც მოეწერა ხელი, ის არის შედეგი, ქვეყნის საწინააღმდეგო არ არის, იოტისოდენა გადახრაც არ არის. ამაში ვერც ბატონ გოგის ვერ დაადანაშაულებს ვინმე და ვერც ბადრი ბიწაძეს, არც ივერი მელაშვილის დადანაშაულება არ შეიძლება. ნამდვილად არ ვთვლი სამართლიანად. რაკი მოსამართლემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ყველაფერი დროებითია, საქმე რომ დასრულდება, გაირკვევა.
იმ 200 ათასიან რუკაზე ადრეც განმიცხადებია და ახალს ვერაფერს ვიტყვი. ის არის დიდი შეცდომების მქონე რუკა, მასზე დაყრდნობა არ შეიძლება, რადგან მთიანად მცდარია ეს რუკა. ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის. არავითარი ზეწოლა არ მქონია არც ზემდგომი და არც ქვემდგომიდან. ჩვეულებრივ სამუშაო ვითარებაში ვასრულებდი წყნარად ჩემს საქმეს, ასე იყვენენ ნატალიაც და ის კომისიის წვერებიც, ვინც მონაწილეობდნენ განხილვაში. დანარჩენი ყველა ეს უსაზიზღრესი ბრალდება ვისაც მოუვიდა თავში, ამ გადაბრუნებული აზრის პატრონებს, აგერ არის სასამართლო, საერთოდ არ იყო დაჭერა აუცილებელი. ბრალი არ არსებობს, უსაფუძვლოდ გვამყოფეს ციხეში. მე პოლიტიკოსი არ ვყოფილვარ, მაგრამ ის, რის გამოც მოხდა ჩემი დაკავება, არის პოლიტიკური მიზანი. პირველი იყო წინასაარჩევნო პერიოდში პარტიისთვის პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლის განხორციელება, გაშავება მისი, თითქოს რაღაც გამოყვანა, რომ ტერიტორიები გადასცა და ა.შ. მეორე იყო ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება, ეს არის შედეგი. ეს ორივე არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო. პროცესი მიმდინარეობს, ვაცადოთ. იმედია, დროზე დასრულდება. დღეს კარგი მოხდა ის, რომ გამოგვიშვეს, მადლობა პირველ რიგში საზოგადოებას. არავინ არ უნდა აღმოჩნდეს ციხეში, რადგან ყოველგვარი მცდელობა აბსოლუტურად იმ საზიზღრობის გაგრძელებაა, რაც აქამდე ტრიალებდა. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, ეს სულელური ბრალდებები პოლიტიკური მიზნით უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში. ნებისმიერი პირი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ივერი მელაშვილი, ილიჩოვა, თითოეული ამის ბრალეულობა არის უსაფუძვლო, რადგან საგანი არ არსებობს არავის არაფერი გადასცემია და არავითარი ტერიტორიის დაკარგვა არ მომხდარა, ეს მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა მელაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.
ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურამ მიერ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.