ივერი მელაშვილი - ექნებათ მცდელობა, დავით გარეჯის საქმე სააკაშვილს დაუკავშირონ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა
თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე თვის შემდეგ დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები განახლდა. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე დღეს არსებითი განხილვის სხდომაა ჩანიშნული.
სასამართლოში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა ივერი მელაშვილმა, რომელიც აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურია და მისი გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ხდება.
„საქმეზე საკმაოდ დიდხნიანი წყვეტა გვქონდა. დაახლოებით ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული. განახლდება ახლა უკვე მოწმეთა გამოკითხვა. საერთოდ, ზოგადად არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ ხდება ასეთი სასამართლოთა ისტორიებში, რომ პროცედურულად რაღაც გადაიდოს. მართლაც და ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც დაგვაკავეს და საქმე აღიძრა, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია და მაქვს საფუძველი, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია.
თქვენ წარმოიდგინეთ, მე შეგნებულად არ მაქვს შეხება დემარკაციის საკითხებთან და ვერიდები, რამდენადაც ვიცი, პროკურატურას აქვს მეორე გამოძიება გამოცხადებული, შეგნებულად ვერიდები კონტაქტებს. ამიტომ, პრესიდან თუ რამე ვიცი, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე წინგადადგმული ნაბიჯები არ მომხდარა. რომ გითხრათ, რაიმე გარღვევა ყოფილიყო, ასეთი არ მომხდარა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მე სამსახურებრივადაც ჩამოცილებული ვარ სფეროს. მცდელობა, რომ ექნებათ სააკაშვილის ამ საქმესთან დაკავშირების, ეს ეჭვგარეშეა და ეს მცდელობა თავიდანვე იყო. უნდოდათ, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, თითქოს რაღაც მოხდა. შესაძლოა, ჰქონდეთ მცდელობა, პრეზიდენტზე გავიდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეუფარდა.
ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობამ თითოეულისთვის 20 000 ლარი შეადგინა. ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
ამასთან, პროკურატურამ 21 იანვარს საქმეზე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ჩანაწერის მიხედვით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით მოქმედებდნენ.