ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის მოთხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ - სამსახურში ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის შუამდგომლობას, რომლის მიხედვით, ის და ნატალია ილიჩოვა სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ.
„მარტივ რაღაცას ვიტყვი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, უბრალო ვარ მეც და ეს ქალბატონიც, ჯერ დაგვიჭირეს მერე გვაყურყუტეს ციხეში, სამსახურშიც არ მივიდეთ, უხელფასოდ დავტოვოთ ეს ყველაფერი, ეს რა დამოკიდებულებაა? ეს ჩემთვის ბინძური ბრალი, არ მესმის რა სამსახურიდან გამოვაგდოთ. სამსახურში მე ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს, ახლა პროკურურატურამ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
ბრალდების მხარემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შესახებ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 30 000 ლარს შეადგენს. ბრალდების მხარემ ასევე მოითხოვა, ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე, ასევე გადაყენებულნი იქნენ თანამდებობებიდან, რომლებსაც იკავებდნენ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 30 ნოემბერს გადასინჯა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.