ივანე მაჭავარიანი - სააგენტო „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს
სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ შემდეგ, უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე და ასევე, პერსპექტივა უცვლელი დატოვა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ საკმაოდ მყარი და სტაბილური მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა გვაქვს, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სარეიტინგო კომპანიის „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, სარეიტინგო კომპანია ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას ასახელებს.
„ანგარიშში ჩვენს ძლიერ მხარედ ასევე დასახელებულია მყარი ინსტიტუციური მმართველობა. განსაკუთრებით დადებითად არის ნახსენები ის სამუშაო, რაც გავწიეთ დონორ ორგანიზაციებთან თანხების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, ამ ფაქტორმაც იქონია გავლენა რეიტინგის შენარჩუნებაზე. ტრადიციულად, სუსტ მხარეებად დასახელებულია ჩვენი მაღალი იმპორტდამოკიდებულება და შედეგად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამ ეტაპზე, ორივე სააგენტომ საქართველოს რეიტინგი უცვლელი დატოვა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკა მოგვცემს საშუალებას, უახლოეს მომავალში ვიფიქროთ რეიტინგის ზრდაზე ერთი საფეხურით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.