იუსტიციის საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხმაური საბჭოს ერთ-ერთი წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის კითხვას მოჰყვა. კითხვა ეხებოდა უვადოდ გამწესებული მოსამართლეების დამტკიცების შესახებ ბრძანებაზე ხელმოწერას. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ბრძანებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის ხელმოწერა არ არის და შესაბამისად, ბრძანება ძალაში ვერ შედის.
ნინო გვენეტაძემ კითხვას არ უპასუხა და განმარტა, რომ კითხვას მხოლოდ მას შემდეგ უპასუხებს, რაც საბჭო დღის წესრიგით გაწერილი ყველა საკითხის განხილვას დაასრულებს.
სწორედ ამ პასუხს მოჰყვა სიტყვიერი დაპირისპირება საბჭოს წევრებს შორის. საბჭოს ყველა წევრი, გარდა ნაზი ჯანეზაშვილისა, ნინო გვენეტაძეს კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს. კამათი დაახლოებით ერთი საათია მიმდინარეიბს და ისმის ისეთი რეპლიკები, როგორიცაა – ეს არის ბულინგი საბჭოს თავმჯდომარის მიმართ, ეს არის ულტიმატუმი, ძალის დემონსტრირება, უპატივცემლობა მოსამართლეების მიმართ და ა. შ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ დროისთვის დღის წესრიგით გაწერილი საკითხების განხილვას ვერ აგრძელებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 მოსამართლე უვადოდ, 20 ოქტომბერს გაამწესა.