იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსაზღვრულ თორმეტ საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის 2017-2019 წლების სასამართლო სისტემის საქმიანობის ანგარიშის განხილვა. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეა. ანგარიშის სახელწოდებაა „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ხარისხიანი და ეფექტიანი, გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება“. მასში საუბარია, სასამართლო სისტემაში უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე. ასევე გატარებულ რეფორმებსა და მის საერთაშორისო შეფასებაზე.
დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩასარიცხად კენჭისყრა გაიმართება. დღესვე გამოცხადდება ხელახალი კონკურსი და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყება.
დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს შორის არის საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში თანამდებობის ცვლილებაც. დღეს გაირკვევა, გადავა თუ არა გვრიტიშვილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის პოსტიდან, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.