იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ. მათ შორის ერთ-ერთი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის განხილვას გულისხმობს.
ომბუდსმენმა აღნიშნული ანგარიში რამდენიმე დღის წინ გაასაჯაროვა და ის საბჭოს გასულ სხდომაზე უკვე განიხილეს. ცნობილია, რომ საბჭოს წევრთა უმრავლესობისთვის ნინო ლომჯარიას დასკვნა მიუღებელია, საბჭოს არამოსამართლე წევრები კი, სახალხო დამცველის პოზიციას ნაწილობრივ იზიარებენ.
სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირების კანდიდატად რეგისტრაციის შესახებაც იმსჯელებენ. საბჭო გადაწყვეტს, ვის უნდა მიენიჭოს უზენაეს სასამართლოში არსებულ ერთ ვაკანსიაზე დასანიშნად, საბჭოში შესულ განაცხადებს შორის კანდიდატის სტატუსი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე განაცხადების მიღება ელექტრონულად, 9 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეობის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა.
სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.