იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ რვა საკითხს განიხილავენ.
პირველ საკითხად ჩანიშნულია უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების განაცხადების განხილვა. მას შემდეგ, რაც საბჭო მსურველთა განაცხადების მიღებას დაასრულებს, კანდიდატებთან გასაუბრების დღე დაინიშნება. ჯერჯერობით უცნობია, უვადოდ გამწესების მსურველთა სრული სია და ისიც, თუ როდის ჩაინიშნება გასაუბრების ეტაპზე გადასულ მოსამართლეებთან შეხვედრა.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა, ადმინისტრაციულ საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა პალატებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციების შექმნის წესში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს. ეს ის საკითხია, რასაც გასულ კვირას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა საბჭოს წევრებს შორის. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი.
ასევე, საბჭოს სხდომის დღის წესრიგში თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატების შემადგენლობის განსაზღვრის საკითხიც არის შესული.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.