იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები ახლებურად ყალიბდება
იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები ახლებურად ყალიბდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის თანახმად, წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები ახლებურად ყალიბდება. ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ეხება და მოქმედი კანონმდებლობით ითვალისწინებს 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას. ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება.

რაც შეეხება 173-ე მუხლს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე.

ცვლილებების მიხედვით კი, ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი დაჯარიმდება 3 500-დან 4 500 ლარამდე. ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკითხი ანრი ოხანაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებების მიღება აუცილებელი გახდა იმ მიზეზით, რომ სტატისტიკა მზარდია, არსებული სანქციები კი დანაშაულის პრევენციას ვერ უზრუნველყოფს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 2020 წელს 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 3 452 შემთხვევა, ხოლო 173 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 4 201 შემთხვევა იყო ჩადენილი.