იურიდიული კომიტეტი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტზე მიმდინარე კვირაში არ იმსჯელებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარე სასესიო კვირაში არ გაიმართება, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, როდის გაიმართება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა.
აკაკი ზოიძის ინფორმაციით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა გაიმართა, თუმცა ცვლილებების მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეჯერება ვერ მოხდა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ შეხვედრას როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„გარკვეულ საკითხებზე შეჯერება მოხდა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები ღია დარჩა. ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გეგმა დავსახეთ, მუშაობა როგორ გავაგრძელოთ. პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ ის პოზიციები წარმოადგინა, სადაც შეიძლება მეტ-ნაკლებად თანხმობას მივაღწიოთ, მაგრამ არის საკითხები, რომელზეც ჯერ ვერ შევჯერდით. უმრავლესობის საერთო პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ, რასაც კონსულტაციები სჭირდება. დოზების თემის გარდა, გარკვეული თემები გამოიკვეთა და შეჯერება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება გასულ წელს მოხდა, თუმცა პროექტი პირველი მოსმენით განხილული და მხარდაჭერილი მხოლოდ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ არის.
ცვლილებების წინააღმდეგ „კონსერვატორები“ გამოდიან, რომლებიც ქვეყნის 90-იანი წლების პრაქტიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში იმ ვითარებას არ დაუშვებენ, რაც მათი თქმით, ნარკომოხმარების თვალსაზრისით ჰოლანდიასა და პორტუგალიაშია.