იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“კანონზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკონსტიტუციო სასამართლოში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, აცილების მიზეზია გიორგი კვერენჩხილაძის სოციალურ ქსელში დაფიქსირებული რეაქცია ერთ-ერთი მოსამართლის სტატუსზე, რომელიც ამ კანონის თაობაზე იყო განთავსებული.

„საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის ინტერესების წარმომადგენლობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი ახორციელებს და წარმოდგენილი ვართ ყველა იმ საქმეზე, სადაც სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ არის შეტანილი. მოპასუხე ვართ საქმესა და სარჩელზე, რომელიც ცალკეულმა მოსამართლეებმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეიტანეს. ეს ეხება მოსამართლეების ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადაყვანას, დისციპლინარულ საკითხებს, რაც მთლიანობაში სასამართლო სისტემის ეფექტიანობისთვის მივიღეთ. როდესაც ჩვენ ამ ნორმების განხილვა დავიწყეთ, საერთო სასამართლოების ერთ-ერთმა მოსამართლემ დააფიქსირა პოზიცია სოციალურ ქსელში, რომ ცვლილებები ემსახურებოდა მოსამართლეთა დაშინებას, ზეწოლას, მათი თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვას და ასე შემდეგ. მისი ეს პოზიცია სოციალურ ქსელში მხარდაჭერილი და გაზიარებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის მიერ, რომელიც ამ საქმეზე მომხსრნებელი მოსამართლეა. წარმოიდგინეთ მოცემულობა, ადამიანი, რიმელიც არის მომხსენებელი მოსამართლე, წინასწარ ღიად და საჯაროდ დააფიქსირა მხარდამჭერი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენ ვიღებდით მოსამართლეთა დაშინების, ზეწოლის ნორმებს. ეს პირდაპირ ადასტურებს, რომ ამ მოსამართლემ პირდაპირ და საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და გამოხატა დამოკიდებულება საქმისადმი, რომელიც მან უნდა განიხილოს და იყოს მომხსენებელი. ასეთ შემთხვევებში, როგორც ამას საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტი ითვალისწინებს, არსებობს ობიექტური და მყარი საფუძველი ასეთი მოსამართლის აცილების, ვინაირად მან საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და იქნება მიკერძოებული“, – განაცხადა ოხანაშვილმა.