ანა წითლიძე - თითოეული ჩვენგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა
ანა წითლიძე - თითოეული ჩვენგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა

ივანიშვილის პარტიის მიერ პარლამენტში „რუსული კანონის“ ხელახლა დაბრუნებამ კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის  გზაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, „„რუსული კანონის“ ხელახლა შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი“.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და ივანიშვილის პარტია ბედავს, გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა დააბრუნოს ეს კანონი პარლამენტში. შემთხვევითი არ არის არც ის ფაქტი, რომ „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნებამდე, ივანიშვილის პარტიამ სწორედ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა. ამით კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ არ აპირებს არცერთი იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც ჩვენგან ითხოვენ საერთაშორისო პარტნიორები. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდენენ და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ერთმანეთთან შეუთავსებელი. ივანიშვილის პარტია კიდევ ძალიან ბევრს იზამს იმისთვის, რომ დააზიანოს ქვეყნის ევროპული კურსი. თითოეული ჩვენგანის ვალია, როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და საბოლოოდ შევძლოთ, ივანიშვილის პარტიის გარეშე გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.