ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მარცხდება და გადაწყვიტა, თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა, ეს არ გამოუვათ, არა რუსულ კანონს, საქართველო ივლის წინ, ევროპისკენ
ანა ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ მარცხდება და გადაწყვიტა, თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა, ეს არ გამოუვათ, არა რუსულ კანონს, საქართველო ივლის წინ, ევროპისკენ

„ქართული ოცნება“ მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან შემოიტანა „რუსული კანონი“, რათა ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვოს რუსეთს.

„თქვენ, ჩვენ და ყველა ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი – საქართველო მიდის ევროპისკენ და აუცილებლად მივალთ იქ. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას, დარჩეს წარსულში. ჩვენ ვივლით წინ, ევროპისკენ და დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ სამშობლოში ღირსეულად, სადაც არის ჩვენი სრულუფლებიანი ადგილი. ჩვენ დღეს ვაპირებდით, გვესაუბრა იმ მოქმედებებზე, რაც მათ დაუპირისპირეს ქალებს. დღევანდელმა განცხადებამ ძალიან ლოგიკურად შეკრა ეს წრე. კვოტების გაუქმებით, მათ კიდევ ერთხელ სამიზნედ აქციეს ქალები პოლიტიკაში. ქალები, რომლებიც უკომპრომისოდ ვიბრძოდით პარლამენტში და ყველგან, სადაც ქვეყნისთვის საჭირო ბრძოლა წარიმართება. ვერ დაალაგეს ქალებთან, ვერც გააჩუმეს ქალები და გადაწყვიტეს, საკანონმდებლო მექანიზმებით ებრძოლათ ჩვენ წინააღმდეგ. დღეს გამოჩნდა, რატომაც არიან სამიზნე ის ადამიანები, რომლებთანაც ვერ დაალაგეს, ვერც დააშინეს, ვერც გააჩუმეს, ვერც გააჩერეს. ასე გაგრძელდება ეს ბრძოლა – არა „რუსულ კანონს“. საქართველო ივლის წინ, ევროპისკენ“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.