იუპიტერი მზის სისტემის მრავალმხრივ გამორჩეული პლანეტაა. კოსმოსური ქვის ნამსხვრევები მას ხშირად ეჯახება. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც. უჩვეულო ამ ამბავში ის არის, რომ ზუსტად იმ დროს, მას ვიღაც აკვირდებოდა და იღებდა. პლანეტის ზედა ატმოსფეროში მომხდარი აფეთქება მსოფლიოში რამდენიმე მოყვარულმა ასტრონომმა დააფიქსირა.
2021 წლის 13 სექტემბერს, მოყვარულმა ასტრონომებმა რაღაც კაშკაშა ნათება გადაიღეს, რაც იუპიტერთან მომხდარ შეჯახებაზე მიუთითებს. კერძოდ, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი იყო გერმანელი ჰერალდ პალესკე, რომელიც თანამგზავრ იოს ჩრდილს იღებდა, როდესაც ეს მთვარე იუპიტერის წინ გადაადგილდებოდა. იგივე მოვლენა დააფიქსირე ბრაზილიელმა ჟოზე ლუის პერეირამ და სხვა მოყვარულებმა მთელი მსოფლიოდან.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს იუპიტერზე მომხდარი მერვე შეჯახება იქნება, რომლის ჩანაწერიც არსებობს; პირველი იყო კომეტა შუმაკერ-ლევი 9, რომელიც პლანეტას 1994 წელს დაეცა, ნაწილებად დაიმსხვრა და საკმაოდ კაშკაშად გამოჩნდა.
მოვლენა იუპიტერის მეორე მხარეს მოხდა, მაგრამ ჰავაიზე მდებარე 2,2-მეტრიანმა ტელესკოპმა შეჯახების ადგილებზე სითბური კვალი დააფიქსირა, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა კი ღრუბლებს მიღმა ბნელი ლაქები გადაიღო.
უცნობია, რამდენად ხშირად ეჯახება იუპიტერს რაიმე იმდენად დიდი, რომ მისი ნათება დედამიწიდანაც გამოჩნდეს, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ასეთი რამ ხშირად ხდება, დღეში დაახლოებით 20-60-ჯერ. იუპიტერი გიგანტურია და აქვს უზარმაზარი მაგნიტური ველი, რომელიც მეტეორიტებს აჩქარებს და იმაზე მძლავრ მეტეორებს წარმოქმნის, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროში ხდება.
თუმცა, ამ მოვლენებს არც თუ ისე ხშირად ვხედავთ. ბოლოს იუპიტერზე მომხდარი ასეთი ფაქტი ორი წლის წინ გადაიღეს. ისინი საკმაოდ სწრაფად ხდება, სულ რამდენიმე წამს გრძელდება და თანაც, შეჯახებათა თითქმის ნახევარი პლანეტის მეორე, ჩვენგან დამალულ მხარეს ხდება.
მიუხედავად ამისა, ასეთ მოვლენათა დაფიქსირების მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. ეს კი ასტრონომებს დაეხმარება, რომ უკეთესად განსაზღვრონ იუპიტერის, როგორც „კოსმოსური მტვერსასრუტის“ როლი, რომელიც დედამიწას სახიფათო კოსმოსური ნამსხვრევებისგან იცავს.
ზოგიერთი ანალიზის მიხედვით, ასეთი შეფასება გადაჭარბებულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ამბის უკეთ დადგენა დაგვეხმარება, რომ დავადგინოთ სიცოცხლის არსებობის შანსები ისეთ პლანეტურ სისტემებში, სადაც იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტები არ არის.
2019 წელს იუპიტერს დაცემული ობიექტის დიამეტრი 12-16 მეტრი უნდა ყოფილიყო, ძირითადად რკინა-ქვის შემადგენლობის, მასა კი 450 ტონა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.