იუპიტერის თანამგზავრი განიმედე ფრიად გამორჩეული ობიექტია.
ის მზის სისტემაში უდიდესი და ყველაზე მასიური მთვარეა. ერთადერთი მთვარე, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვს. ამას გარდა, მას მზის სისტემის სხვა ნებისმიერ ობიექტზე მეტი თხევადი წყალი აქვს. ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ყველაფერთან ერთად, განიმედეს შეიძლება უდიდესი დარტყმითი სტრუქტურაც ჰქონდეს ამ დრომდე იდენტიფიცირებულთა შორის.
ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ტექტონიკური ღარები, რომლებიც განიმედეს უძველესი გეოლოგიური მახასიათებლებია, წარმოქმნის კონცენტრირებულ სარტყლებს, რომელთა სიგანეც 7 800 კილომეტრია და გაჩენილი უნდა იყოს ამ მთვარესთან რაღაცის შეჯახების შედეგად.
მართალია, ამის დადასტურება დამატებითი დაკვირვებებით არის საჭირო, მაგრამ თუ სარტყლები ნამდვილად დარტყმის შედეგად არის წარმოქმნილი, ის ზომით გაცილებით აღემატება მზის სისტემაში დადასტურებულ სხვა ყველა დარტყმით სტრუქტურას.
განიმედეს ღარებს უნდა ჰქონდეს ბასრი, ამობურცული კიდეები და დიდი ხანია მიჩნეულია, რომ ისინი ამ მთვარის ადრეულ ისტორიაში მომხდარი დიდი შეჯახების შედეგადაა წარმოქმნილი, მაშინ, როდესაც ლითოსფერო შედარებით თხელი და სუსტი იყო. თუმცა, იაპონიის კობეს უნივერსიტეტის პალეონტოლოგ ნაოუკი ჰირატას ხელმძღვანელობით განიმედეს მონაცემების ხელახალი ანალიზი ოდნავ განსხვავებულ ამბავს გვიყვება.
განიმედეს ისტორიის უკეთ გასარკვევად, ჰირატამ და მისმა კოლეგებმა უფრო დეტალურად შეისწავლეს ფოტოები, რომლებიც ვოიაჯერებმა 1979 წელს გადაიღეს და ხომალდმა გალილეომ 1995-2003 წლებში.
როგორც ფოტოებზე ჩანს, განიმედეს კომპლექსური გეოლოგიური ისტორია აქვს. მთვარის რელიეფი ორი ტიპისაა — ბნელი და კაშკაშა. კაშკაშა რელიეფზე შედარებით ნაკლებია კრატერები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე ძლიერ „ნაიარევი“ ბნელი რელიეფი.
ეს ძველი რელიეფი „დაკენკილი“ და კრატერირებულია. მისი კრატერები უფრო ადრეა წარმოქმნილი, ვიდრე ღარები, რომლებიც ბნელი რელიეფის უმეტეს ნაწილში გვხვდება.
მკვლევართა ჯგუფმა ამ ღარების დეტალური კატალოგიზაცია შეძლო და ისინი განიმედეს ზედაპირის რუკაზე დაიტანა. დაადგინეს, რომ თითქმის ყველა ეს სტრუქტურა შემთხვევითობის პრინციპით კი არ არის განლაგებული მრავალი დარტყმითი წერტილის ირგვლივ, არამედ კონცენტრირებულად არის ფოკუსირებული ერთ წერტილთან.
გარდა ამისა, მთვარის გარშემო შემოხვეული ღარები 7800 კილომეტრზეა გადაჭიმული. განიმედეს დიამეტრი კი 5268 კილომეტრია — შესაბამისად, ჭავლი უზარმაზარია.
კვლევის შემდეგი ნაბიჯი იყო იმის განსაზღვრა, რას შეიძლება წარმოექმნა ასეთი სტრუქტურა. ამისათვის ჯგუფმა ჩაატარა მრავალი სხვადასხვა სცენარის სიმულაცია და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე სავარაუდო დამნაშავე უნდა იყოს 150 კმ სიგანის ასტეროიდი, რომელიც განიმედეს დაახლოებით 20 კმ/წმ სიჩქარით შეეჯახა.
ეს მოვლენა უნდა მომხდარიყო გვიანდელი მძიმე ბომბარდირებისას, დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ, როდესაც განიმედე საკმაოდ ახალგაზრდა იყო. იუპიტერის მხრიდან გრავიტაციული ფოკუსირების გამო, ამ პერიოდში მთვარეზე კომეტების წვიმა უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, გიგანტური დარტყმაც სავსებით შესაძლებელია.
გარდა ამისა, ახლო სამეზობლოში გვხვდება კიდევ ერთი მსგავსი სტრუქტურა. იუპიტერის მთვარე კალისტოზე არსებული ვალჰალას კრატერი მრავალსარტყლიანი დარტყმითი კრატერია, რომლის დიამეტრიც 3800 კილომეტრია და 2-4 მილიარდი წლისაა.
ვალჰალას კრატერი ამჟამად რეკორდსმენი უდიდესი დარტყმითი სტრუქტურაა მზის სისტემაში; მას მოსდევს უტოპია-პლანიტია მარსზე — დარტყმითი აუზი, რომლის დიამეტრიც 3300 კილომეტრია.
ახალი აღმოჩენა დადასტურების მოლოდინშია, მაგრამ სავარაუდოდ, ამისათვის დიდხანს ლოდინი აღარც მოგვიწევს. თუ ღარები გიგანტური დარტყმის შედეგად არის წარმოქმნილი, დარტყმის ადგილას უნდა იყოს გრავიტაციული ანომალია, როგორც ეს სხვა მსხვილ დარტყმით სტრუქტურებშია, მაგალითად, დედამიწის მთვარის სამხრეთ პოლუსი-აიტკენის აუზში.
ახლა, როცა უკვე ვიცით, სად ვეძებოთ, ამ ანომალიის მოსაძებნად შესაძლებელია ხომალდ „ჯუნოს“ გამოყენება. ამავე დროს, 2022 წელს გაეშვება ევროპის კოსმოსური სააგენტოს იუპიტერის ყინულოვანი მთვარეების მკვლევარი ზონდი (JUICE), პირველი სპეციალიზებული მისია იუპიტერის მთვარეების შესასწავლად. მას „ჯუნოზე“ მეტად შესწევს ამ იდუმალი სტრუქტურის წარმომქმნელი მიზეზის გარკვევა.
კვლევა ჟურნალ Icarus-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.