იუპიტერის ყინულოვანი მთვარე ევროპა ერთ-ერთი ყველაზე მადისაღმძვრელი ობიექტია კვლევებისთვის. სწორედ ამიტომ, NASA-ს მეცნიერები თავაუღებლად მუშაობენ „ევროპა კლიპერზე” (Europa Clipper) — კოსმოსურ ხომალდზე, რომელმაც ევროპას საიდუმლოები უნდა ამოხსნას.
„ევროპა კლიპერი” 2023 წლამდე უნდა გაეშვას. დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ხომალდი სასიცოცხლო ინფორმაციას შეაგროვებს ევროპას გეოლოგიის, შემადგენლობისა და ზედაპირქვეშა ოკეანის შესახებ. თუმცა მანამდე, ხომალდის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჭიროა ფინალური ტესტის ჩატარება.
ნასას პლანეტური მეცნიერის, რობერტ პაპალარდოს განცხადებით, ევროპა რამდენიმე უდიდეს საიდუმლოს მალავს, რომელთა ამოხსნასაც ისინი ყველანაირად შეეცდებიან. გარდა ამისა, ევროპა და ზოგადად, ყინულოვანი მთვარეებს სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი გარემო აქვთ სამყაროში.
თუმცა, არსებობის შემთხვევაში, სიცოცხლე ევროპას ზედაპირზე არ იქნება — ის დამალული უნდა იყოს წიაღის ოკეანეებში, რომლებშიც იუპიტერის გრავიტაცია წყალს თხევად მდგომარეობაში ინარჩუნებს. სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობ ფორმას სწორედ წყალი სჭირდება. გარდა ამისა, ევროპას ოკეანის ფსკერის გეოლოგიური აქტივობა უნდა წარმოქმნიდეს მიკროორგანიზმთა კვებისათვის აუცილებელ ქიმიურ ნივთიერებებს. ზედაპირის ყინული უნდა ბლოკავდეს სახიფათო რადიაციას. აშკარაა, რომ ევროპაზე უამრავი სამეცნიერო კვლევაა ჩასატარებელი, მაგრამ მათ შორის საკვანძო უდავოდ არის მისი გარემოს სიცოცხლისუნარიანობის დადგენა.
„ხალხი მის შესახებ ბევრს ფიქრობს, ადამიანებს აინტერესებთ, იცოდნენ ამ მთვარის საიდუმლოები, რომელზეც შესაძლოა, სიცოცხლეც ყვავის. შესაბამისად, ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია მისიის დასაწყებად“, — ამბობს პაპალარდო.
კოსმოსური ხომალდი აღჭურვილი იქნება ცხრა ინსტრუმენტით, რომელთა მთავარი მიზანი ევროპის საიდუმლოთა ამოხსნა და იმის გარკვევა იქნება, არის თუ არა მისი გარემო სიცოცხლისათვის ხელსაყრელი. აღსანიშნავია, რომ „ევროპა კლიპერი” ზედაპირზე არ დაჯდება. ის ევროპას ორბიტაზე იმოძრავებს და ზედაპირს 25 კილომეტრამდე მიუახლოვდება. რასაკვირველია, გადაიღებს და გამოგზავნის ფანტასტიკურ ფოტოებს.
ევროპას ყინულოვანი საფარველი სავსეა საიდუმლოებით, თუნდაც ის რად ღირს, რომ არ ვიცით მისი ზუსტი სისქე. ზედაპირის ყველაზე გავრცელებული მახასიათებელია ქედები; მეცნიერებმა დაზუსტებით არ იციან მათი წარმოქმნის მექანიზმი. გარდა ამისა, სავარაუდოდ, ყინულის ფენებს შორის არსებული ნაპრალებიდან კოსმოსში იფრქვევა ზედაპირქვეშა ოკეანის წყლის ჭავლები, ზუსტად ისე, როგორც სატურნის ყველაზე სახელგანთქმულ მთვარე ენცელადზე.
როგორც ჩანს, ევროპაზე უნდა მიმდინარეობდეს გარკვეული პროცესები, რომელთა საშუალებითაც ყინულის ნაჭრები ზედაპირის გასწვრივ გადაადგილდება; დეტალები ამ დრომდე საიდუმლოებითაა მოცული.
ამ საიდუმლოთა ამოსახსნელად, მისიის ხელმძღვანელობა ხომალდის აგებისას ითვალისწინებს წინა მისიებში შექმნილ ტაქტიკებს. მათ შორის არის „ჯუნო“ — ხომალდი. მის მსგავსად, იუპიტერის ცივ სისტემაში „ევროპა კლიპერიც” მზის პანელებზე იმუშავებს. არ დაგვავიწყდეს „კასინიც“ — „ევროპა კლიპერი” ისევე გაივლის ევროპას წყლის ჭავლებში, როგორც „კასინიმ“ ენცელადის ჭავლებში გაიარა.
თუმცა, არსებობს მრავალი გამოწვევა. მათ შორისაა მარშრუტის განსაზღვრა, რომელმაც ხომალდი იუპიტერის სისტემაში უნდა მიიყვანოს. ამ პროცესს ტრაქეტორიის დაგეგმვა ჰქვია და ხშირად მას ხუმრობით „შავ მაგიასაც“ უწოდებენ.
ტრაექტორიის დაგეგმვა რთული მათემატიკური ძალისხმევაა მისიის წარმატებას სწორედ ეს პროცესი განსაზღვრავს.
ცალკე საკითხია დედამიწიდან ხომალდის გაშვებაც. ნასა-ს ჯერ არ გადაუწყვეტია, „ევროპა კლიპერი” საკუთარი გამშვები სისტემით გაუშვას თუ „სპეის იქსის” (SpaceX) „ფალკონ ჰევით” (Falcon Heavy) დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას ხომალდი 5-6 წელს მოანდომებს.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.