იუპიტერი, სატურნი და მათი მთვარეები ირაკლი გედენიძის ობიექტივში - საქართველოს პირველი არხი ახალ რუბრიკას იწყებს
22:24, 22.08.2019
დღეიდან, 1tv.ge თვეში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის ასტროფოტოებს. მის ობიექტივში მოექცევა როგორც მზის სისტემის, ისე ღრმა კოსმოსის თვალწარმტაცი ობიექტები.
ამჯერად, ირაკლი გედენიძის სპეციალური ტელესკოპის ლინზებში მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტა, იუპიტერი და სატურნი მოხვდა. კადრები ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან არის გადაღებული.
ფოტოებზე კარგად ჩანს ამ პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრებიც. იუპიტერის გარშემო 79 მთვარე მოძრაობს, თუმცა მათ შორის გამორჩეულია ოთხი, ზომით ყველაზე დიდი, ე. წ. გალილეისეული მთვარე — იო, ევროპა, განიმედე და კალისტო. ისინი 1610 წელს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა. სწორედ ეს მთვარეები ჩანს გედენიძის ფოტოზე.
რაც შეეხება მზის სისტემის მეორე უდიდეს პლანეტას, სატურნს, ბოლო მონაცემებით მის გარშემო 62 მთვარე მოძრაობს. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ტიტანი, რომელიც მზის სისტემის მეორე უდიდესი მთვარეა (იუპიტერის განიმედეს შემდეგ) და მეორე პლანეტური სხეული დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც სითხეა — მეთანის ტბები და ზღვები; ენცელადი, რომლის ზედაპირქვეშ არსებულ ოკეანეში შესაძლოა სიცოცხლეც იყოს, და დიონა და რეა. რგოლებიანი პლანეტის სამი მთვარე ირაკლი გედენიძის ფოტოზეც მოჩანს.
თუ რომელი კოსმოსური ობიექტები გახდება საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფის შემდეგი სამიზნე, რამდენიმე დღეში 1tv.ge-ზე შეიტყობთ.