იუნკერი - ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციამდე საჭიროა ტერიტორიული დავების დარეგულირება
ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციამდე, საჭიროა ტერიტორიული დავების დარეგულირება, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.
ევროპარლამენტში დღეს ევროპის მომავალზე მსჯელობდნენ. ჟან-კლოდ იუნკერმა, ბალკანური ქვეყნები გააფრთხილა, რომ თუ ტერიტორიული დავა დარგულირებული არ იქნება, ევროკავშირის გაფართოება არ მოხდება.
ამავე დროს, ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ სერბეთი და მონტენეგრო შესაძლოა 2025 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდნენ, თუ წევრობისთვის ყველა საჭირო პირობას დააკმაყოფილებენ.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხორვატიასა და სლოვენიას შორის არსებული ტერიტორიული უთანხმოების დარეგულირების აუცილებლობაზეც ისაუბრა. 2017 წლის დეკემბერში ძალაში შევიდა ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სლოვენიამ ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი მიიღო. ხორვატია საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღიარებს.
„სერბეთმა და მონეტენეგრომ ყველაზე დიდი პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილებისგან ჯერ შორს არის. ჩვენ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ. ისინი ჯერ რთულ გზას ადგანან. ბალკანეთის ქვეყნების ინტეგრაციამდე საჭიროა, ტერიტორიული დავების დარეგულირება. თუ ეს არ მოხდება, გაფართოება არ იქნება“, – განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.
შეგახსენებთ, დღეს ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისთვის ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია უნდა წარადგინოს.